ახალი ამბები

კალაძის თქმით, პროპორციული არჩევნები 2024-შიც არ უნდა ჩატარდეს

22 იანვარი, 2020 • 2480
კალაძის თქმით, პროპორციული არჩევნები 2024-შიც არ უნდა ჩატარდეს

თბილისის მერი და “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი კახა კალაძე აცხადებს, რომ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით საპარლამენტო არჩევნები არათუ 2020 წელს, არამედ 2024-შიც არ უნდა ჩატარდეს, რასაც დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

როგორც კალაძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა, ეს მისი აზრია და პარტიაში ჯერ არ უმსჯელია. კალაძის თქმით, პროპორციული სისტემის მხარდამჭერი იყო, თუმცა აზრი შეიცვალა “დღევანდელი მდგომარეობისა” და “ქვეყნის ინტერესებიდან” გამომდინარე:

“მოდით, რეალურად შევხედოთ, ყოველდღიურად მიდიოდა შეურაცხყოფები, დესტრუქციული ქმედებები. მე ვარ ის ადამიანი, ვინც მხარს უჭერდა საარჩევნო სისტემის ცვლილებას და გადასვლას პროპორციულ სისტემაზე, თუმცა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ჩვენი ოპოზიციური პარტიების ქმედებებიდან გამომდინარე… მე ვფიქრობ, რომ ქვეყნის სტაბილურობიდან და ინტერესებიდან გამომდინარე… პროპორციული სისტემა  ჩვენზე უფრო განვითარებულ და დემოკრატიულ, უფრო შემდგარ ქვეყნებშიც კი ქმნის სერიოზულ პრობლემებს. ავიღოთ ისრაელის მაგალითი, რამდენი ხანია მთავრობა ვერ ჩამოაყალიბეს. მე ვფიქრობ, არსებული საარჩევნო სისტემა, რომელიც არის დემოკრატიული და მისაღები და ის შეთავაზება, რომელიც არის გაკეთებული  100/50-ზე… ეს არის იდეალური”, – განაცხადა კალაძემ.

“ვფიქრობ, 2024-შიც უნდა განხორციელდეს ცვლილებები. ჩვენი პოლიტიკური სპექტრი დღეს არ არის მზად… ჩვენ კონსტიტუციაში ეს ცვლილება გაწერილი გვაქვს, რომ 2024-ში უნდა ჩატარდეს პროპორციული არჩევნები, თუმცა… თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ გვექნება, ამ ცვლილების [2024-ის პროპორციულის შეცვლა] განხორციელება იქნება რთული… რომ იყოს შესაძლებელი, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდიანრე განსახორციელებელია. ეს არის ჩემი პოზიცია”, – აცხადებს კალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი