თბილისის მერიის ინფორმაციით, გლდანში კიდევ ერთი თვით გადაიკეტება მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრის” მიმდებარე ტერიტორია. მიზეზი საგზაო სამუშაოებია, რომელიც გასული წლის მაისში დაიწყო და მას შემდეგ არაერთხელ გადაიწია დასრულების სამუშაოებმა.
მერიის პრესსამსახურმა გაავრცელა კახა კალაძის კომენტარი, სადაც აღნიშნულია, რომ გზის სამუშაოები ქვედა ფენებში შესრულებულია, თუმცა “კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი”, მათ შორის:
“ტროტუარების მოწყობა, ასფალტის მეორე ფენის დაგება, ვეკუას და ხიზანიშვილის შემაერთებელი გზაც მოწყობილია ქვედა ფენებში, ზემოთ, ხოჭოს ქუჩა, ფაქტობრივად, დასრულებულია. ახლა ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. ესაა ახმეტელის მეტროსთან მიწისქვეშა გადასასვლელი, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია”, – განაცხადა თბილისის მერმა. მისივე განმარტებით, მიწისქვეშა გადასასვლელი წვიმის დროს ხშირად იტბორებოდა, რაც პრობლემას უქმნიდა მოქალაქეებსა და იქ განთავსებულ სავაჭრო ობიექტებს.
კალაძის განცხადებით, სამუშაოების ბოლო ეტაპზე მოეწყობა ტროტუარები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს, ასევე, იგეგმება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ცალკე ზოლის მოწყობა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია “ენ სი სი” ატარებს. ჯამში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩის რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 13 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. ორივე ქუჩის ჯამური სიგრძე კი, რომლის შეკეთებაც გასული წლის მაისიდან დაიწყო, 8 კილომეტრამდეა.
სამუშაოების გაჭიანურების გამო კახა კალაძემ გზის მშენებელი კომპანია საჯაროდ არაერთხელ გააფრთხილა.
მთავარ ფოტოზე: მეტრო “ახმეტელის” მიმდებარე ტერიტორია/თბილისის მერია