19 ივნისს მოსკოვში რუსეთის ფედერაციის დუმამ რატიფიცირება მოახდინა 2015 წლის 18 მარტს რუსეთის დედაქალაქში მოსკოვსა და ცხინვალის შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” ხელმოწერილ შეთანხმებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აღნიშნული შეთანხმების რატიფიკაციას და აცხადებს, რომ კრემლის ეს ქმედება წარმოადგენს საქართველოს განუყოფელი ნაწილის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს, რითაც, ოფიციალური თბილისის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისოდ აღებულ ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
“ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და არ შეიძლება წარმოადგენდეს საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტს, შესაბამისად, ნებისმიერი სახის მცდელობა, გაფორმდეს ე.წ. ხელშეკრულება ცხინვალის რეგიონთან არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგებს. ეს ქმედება სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორებიცაა სახელმწიფოს სუვერენიტეტი, საზღვრების ურღვევობა, ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულება”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
რუსეთის სახელმწიფო დუმამ პრაქტიკულად ერთხმად დაუჭირა მხარი მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის შეთანხმების რატიფიკაციას.
| ||||