ახალი ამბები

“ანას ბაღის” დამცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კარავი დაუშალეს – მარიამ ვაწაძე

20 იანვარი, 2020 • 1147
“ანას ბაღის” დამცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კარავი დაუშალეს – მარიამ ვაწაძე

“ანას ბაღის” ტერიტორიაზე კერძო მშენებლობის დაცვის თანამშრომლები ადგილობრივებს დაუპირისპირდნენ.

როგორც “ნეტგაზეთს” “საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების” წარმომადგენელმა მარიამ ვაწაძემ განუცხადა, დაცვის თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ერთ-ერთ ადგილობრივს, მამუკა დარისპანაშვილს, რომელიც გადაყვანილია საავადმყოფოში.

“ანას ბაღში” რამდენიმე საათის წინ დაცვის თანამშრომლები მოვიდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ერთ-ერთ ადგილობრივს. პოლიცია იმ მომენტში გასული იყო, როცა ადგილობრივებს თავს დაესხნენ. ააყირავეს და დაანგრიეს კარავი, რომელიც საერთოდ არ იყო მათ კერძო ტერიტორიაზე, ბურღი ჩართეს და მშენებლობა დაიწყეს”, – განაცხადა მარიამ ვაწაძემ და დასძინა, რომ “ახალგაზრდა მწვანეები” ადგილობრივებთან ერთად სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ითვალისწინებს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.


ვარკეთილში მცხოვრები მოქალაქეების ჯგუფი უკვე რამდენიმე თვეა, მათ მეზობლად არსებული “ანას ბაღის” გადასარჩენად აქციებს მართავს. ტერიტორიაზე მორიგეობაც კი დააწესეს, რათა მის მომიჯნავედ კორპუსის აშენება ვერ მოხერხდეს.

ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონის კორპუსებს შორის ერთი პატარა სკვერია, რომელსაც “ანას ბაღი” ჰქვია. სკვერს ეს სახელი ერთ-ერთი მეზობლის გარდაცვლილი შვილიშვილის პატივსაცემად დაარქვეს და უკვე 3 წელია, რაც მოსახლეობა მას მშენებლობისგან იცავს.

სამეზობლო ყვება, რომ სკვერის მომიჯნავედ მიწის ნაკვეთი 2016 წელს გასხვისდა, 2018 წელს კი ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე თბილისის არქიტექტურის სამსსახურმა ნებართვა გასცა. მერია და კომპანია ირწმუნებიან, რომ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობით სკვერს საფრთხე არ შეექმნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი