ახალი ამბები

ქუჩა და სკვერი, რომელიც მთავრობამ გაყიდა

22 ივნისი, 2015 •
ქუჩა და სკვერი, რომელიც მთავრობამ გაყიდა

გაყიდული ქუჩა

 ლორთქიფანიძის ქუჩის მონაკვეთი, რომელიც მთავრობამ ინვესტორს მიყიდალორთქიფანიძის ქუჩის მონაკვეთი, რომელიც მთავრობამ ინვესტორს მიყიდა

„ლორთქიფანიძისა და კაჩინსკების ქუჩების შეერთების ადგილზეა საუბარი. ეს რომ ჩაიკეტოს, ფაქტობრივად, 240 კომლს [ყოფილი სოფელი მინდა, პერიფერიებისა და კახაბრის მოსახლეობის გარდა] ახალ ბულვართან გასასვლელი ეკეტება. შემოთავაზება იყო ალტერნატიული გზების, თუმცა ეს იქნება დაშორებით და ჩვენთვის უვარგისი, მაგ გზით 7-8 კომლი თუ ისარგებლებს ნორმალურად. კონკრეტული ნახაზიც არ არსებობს, პროექტზე რომ არაფერი ვთქვათ. ის, რაც თითქოს უნდა გაკეთდეს, ელიავას ქუჩასაც კი არ უერთდება… ეს ყველაფერი ვიღაცის ბიზნესინტერესებია და ჩვენ ალტერნატივაც არ გვექნება, რადგან აქ მიწის ყველა გოჯი გაყიდულია“, – ამბობს გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრები თემურ ჯიჯავაძე.

მოსახლეობის თქმით, ეს საუკუნეზე მეტი ხნის სოფლის გზაა, რომელიც ზღვამდე გადიოდა. იქ ახლა ბულვარი, ცოტა აქეთ კი კაჩინსკების ქუჩაა. მათივე თქმით, საუბარია 244 კვადრატულ მეტრზე, რაც მშენებლობის შემთხვევაში, კაჩინსკების ქუჩაზე გასასვლელს ჩაკეტავს, რის შემდეგაც მოსახლეობას სანაპიროზე გასასვლელად ორი უახლოესი [თუმცა, ფაქტობრივად, შემოვლითი] გზა რჩება: ერთი – აეროპორტის მხარეს, ელიავას ქუჩით, კაჩინსკების ქუჩაზე და მეორე – ანგისისა და კობალაძის ქუჩების გავლით, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე.

ინვესტიცია, რომელიც მოსახლეობას აზარალებს

ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ისინი ინვესტიციების წინააღმდეგნი არ არიან, პირიქით, მიესალმებიან კიდეც, მაგრამ „კაზინოებით და მაღლივი კორპუსებით ნუ ჩაგვიკეტავენ ერთადერთ გზას. ჩვენთვის ეს გზა უმთავრესია და რატომ ყიდითო, როცა ვეკითხებით მთავრობის წარმომადგენლებს, პასუხი არ აქვთ. ერთხელ გვითხრეს – გზა დარჩება თუ არა, ინვესტორს უნდა შევეკითხოთო. ეს ჩვენ არ გვაინტერესებს, ჩვენ უნდა ვიარსებოთ, ვიცხოვროთ აქ და ამისთვის ამ გზამაც უნდა იარსებოს. თუ ვინმემ გაასხვისა, პასუხიც იმან აგოს“.

გზაზე ბათუმის მერიამ უარი თქვა. 

მოსახლეობა ამბობს, რომ 50 მეტრი სიგრძისა და 5 მეტრომდე სიგანის გზაზეა საუბარი, რომელსაც კერძო საკუთრებაში არ ითხოვენ. უნდათ, რომ მერიამ დაირეგისტრიროს და გზა დარჩეს ქალაქის საკუთრებაში, შესაბამისად, ხალხის სარგებლობაში: „ადრე ჩაკეტეს, მაგრამ გავხსენით, გზის კეთილმოწყობას დაგვპირდნენ. უშუალოდ გიორგი ერმაკოვი დაგვპირდა მერის არჩევნების წინ… გაგვიჩნდა იმედი და ამის შემდეგ გამოვიტანეთ კრედიტები, ტურისტების მოლოდინში ვართ და ახლა გავიგეთ, რომ კვლავ გაყიდეს ეს გზა“.

„ვიდრე გზას გავხსნიდით, იმ პერიოდშიც გაკეთებული მქონდა კოტეჯები და ხალხი მისამართს რომ მეკითხებოდა ტელეფონზე, ვუხსნიდი – მოდი წრიულთან, აქ მოდი, იქ მოდი, ვერ ხვდება, მერე ადლიაში ჩამოდი, იქედან იქ შემოუხვიე და ა.შ. ახლა ვეუბნები – ახალი ბულვარით შემობრძანდით ლორთქიფანიძის ქუჩაზე… ახლა კიდე ჩაკეტვის უფლება არ უნდა მივცეთ…“, – ამბობს ჯემალ პაქსაძე.

„კახაბრის დასახლებიდან არავის შეუწუხებია მერია და მთავრობა ან შიფერი მოგვეცი, ან ლურსმანი, ან სამსახური დაგვაწყებინე. გზის დასაცავად რომ მივედით, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, თუ არ გაჩუმდებით, აქ ინვესტიცია საერთოდ არ ჩაიდება და ინფრასტრუქტურა არ განვითარდებაო – დაგვექადნენ. ძველს რომ თავი დავანებოთ, ამ ბოლოს დაირეგისტრირა მერიამ სერვიტუტით გზის ეს მონაკვეთი და ესეც გააუქმეს. იცოდეს ყველამ, რომ არ ვაპირებთ სხვაგან სირბილს, პოლიტიკური ელფერის მიცემას და ქუჩაში გამოსვლას – სუფთად ვითხოვთ, რაც გვეკუთვნის და ამას აქ, ადგილზე, ჩვენ თვითონ დავიცავთ. ისეთ მდგომარეობაში ჩაგვაყენეს, უკვე პრინციპის საქმეა – ამდენი ოჯახი უკან არ დავიხევთ – თოხით, ბარით ერთად დავდგებით ამ გზის დასაცავად“, – აცხადებენ მოქალაქეები. იმასაც ამბობენ, რომ ზოგიერთს გადაბირების მიზნით და გაჩუმების სანაცვლოდ დასაქმებაც კი შესთავაზეს, „თუმცა, ამაზე ჩვენგან ვერავის დაითანხმებენ“.

კაზინო გზის ნაცვლად

„ბათუმელების“ მიერ მოძიებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ გზის ის მონაკვეთი, რომლის ჩაკეტვასაც მოსახლეობა აპროტესტებს, იმ ნაკვეთშია გაერთიანებული, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2015 წლის 3 ივნისს აუქციონზე პირობებით გაყიდა. ამ ნაკვეთის ფართობი 25 ათასი კვადრატული მეტრია და ის საკუთრებაში კომპანია „მეტრო ატლას ჯორჯიამ“ 2015 წლის 9 ივნისს დაირეგისტრირა.

ნაკვეთი 2012 წლის თებერვლიდან სხვა კომპანიის –  „დი-ეიჩ-ჰოტელს ბათუმის“ საკუთრებაში იყო. კომპანიამ მოსახლეობის მოთხოვნა მაშინ გაითვალისწინა და დათანხმდა გზის სავალი ნაწილი არ გადაეკეტა. შესაბამისად, 2013 წლის ოქტომბერში დაიდო ხელშეკრულება უსასყიდლო სერვიტუტის დადგენის შესახებ, რითაც 543 კვ/მ ფართობის [გზისთვის საჭირო ნაწილის] მოსარგებლე ბათუმის მერია გახდა. გადაკეტილი გზაც ამ დროს გაიხსნა.
საჯარო რეესტრის 2015 წლის 6 მაისის ამონაწერის [დრო: 09:11 სთ.] მიხედვით, აღნიშნული 25 ათასი კვ/მ ნაკვეთის მესაკუთრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა, იმავდროულად 543 კვ/მ გზის მონაკვეთით მოსარგებლე კვლავ ბათუმის მერია რჩება. იმავე დღეს, ნახევარი საათის შემდეგ გაკეთებული ამონაწერით კი ირკვევა, რომ ბათუმის მერიის უფლება ნაკვეთით სარგებლობაზე უკვე გაუქმებულია.

2015 წლის 3 ივნისს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ზემოაღნიშნულ ნაკვეთზე შპს „მეტრო ატლას ჯორჯია“ არანაკლებ 20 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, – ააშენებს 200-ნომრიან სასტუმროს, არანაკლებ 250 აპარტამენტი. ტერიტორიაზე კაზინო, საკონფერენციო დარბაზები, სპა ცენტრი მოეწყობა. ინვესტიციის განხორციელების შემდეგ არანაკლებ 500 ადამიანი დასაქმდება [რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის ვალდებულებაა 300 ადამიანის დასაქმება – ავტ.]. კომპანია 20 მილიონი დოლარიდან 1 მილიონ დოლარს საინვესტიციო ტერიტორიასთან არსებული არხის [მდინარე მეჯინისწყალი – ავტ.] კეთილმოწყობისთვის დახარჯავს. პროექტის განხორციელება წელს დაიწყება…“

„მეტრო ატლას ჯორჯიას“, რომელიც თურქეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში 2012 წლის თებერვალშია დარეგისტრირებული, ახალ ბულვართან კიდევ ერთი ნაკვეთი აქვს საკუთრებაში, რომლის ფართობი 38 525 კვ/მ-ია. ამ ნაკვეთზე მაღლივი კორპუსების მშენებლობა დაწყებულია. კომპანიის ამ ორ ნაკვეთს ერთმანეთისგან [მდინარე მეჯინისწყალთან ერთად] სწორედ გზის ის მონაკვეთი ჰყოფს, რომლის ჩაკეტვასაც მოსახლეობა ეწინააღმდეგება. გზის გაუქმებით კომპანიის კუთვნილი ნაკვეთები თითქმის მთელი ქუჩის [კაჩინსკების] გასწვრივ ერთ მთლიან ფართობში ექცევა. გზის ეს მონაკვეთი დღეს კეთილმოუწყობელი, მაგრამ ავტომანქანებისთვის გახსნილია და მოსახლეობა სარგებლობს.

უპასუხოდ დარჩენილი მოსახლეობა

ლორთქიფანიძის ქუჩაზე და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ ბათუმის მერიისგან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა თუ აჭარის უმაღლეს საბჭოსგან დიდი ხანია ითხოვენ დახმარებას, რომ გზა არ გადაიკეტოს. ბოლო რამდენიმე თვეა კონკრეტული პასუხი ვერც ერთი უწყებისგან ვერ მიიღეს. ამჯერად კი ხელწერებს აგროვებენ ქვეყნის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე.
რატომ თქვა უარი ბათუმის მერიამ გზის ამ ნაწილზე და რატომ გახდა აუცილებელი მისი კერძო კომპანიაზე გასხვისება – „ბათუმელებმა“ მცდელობის მიუხედავად, ამ კითხვაზე პასუხი ვერც მერიისგან მიიღო და ვერც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან. გაზეთი დასაბეჭდად იყო მზად, როცა მოსახლეობამ „ბათუმელებს“ აცნობა, რომ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია `ქართული ოცნება-თავისუფლებადან“ მიიღეს წერილი, რომ ინვესტორთან შეთანხმებით, გზა, რომელიც მოსახლეობას აკავშირებს ზღვასთან, იქნება 4 მეტრი სიგანის და გამოდგება მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის, ხოლო მანქანით გადაადგილება შესაძლებელი იქნება წრიული ზოლის გამოყენებით.
`ეს პასუხი არ გვაკმაყოფილებს… გზას რომ თავი დავანებოთ, ჩვენ საკანონმდებლო ორგანოს მივმართეთ და არა რომელიმე ფრაქციას, თუ პოლიტიკურ გუნდს“, – აცხადებს მოსახლეობა. 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კი აღნიშულთან დაკავშირებით „ბათუმელებს“ შემდეგი ინფორმაცია მოაწოდა: „კომპანიის მიერ გზის დაკეტვა არ იგეგმება. მოსახლეობას მიეცემა საშუალება ისარგებლოს როგორც საფეხმავლო, ასევე ალტერნატიული სამანქანე გზით. ამ ეტაპზე სასტუმროს პროექტის დამუშავება მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, კონკრეტულად როგორი გზა იქნება და სად განთავსდება შენობა-ნაგებობები“.

ინვესტიცია სკვერის ხარჯზე

 ამ სკვერის ადგილას მრავალსართულიანი კორპუსი აშენდება

ამ სკვერის ადგილას მრავალსართულიანი კორპუსი აშენდება

ბათუმში, ჯავახიშვილისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში არსებული სკვერის ნაწილი მორიგი ინვესტიციის გამო განადგურდება. მიწის ნაკვეთი, სადაც მრავალწლოვანი მცენარეებია გაშენებული, ბათუმის საკრებულომ საკუთრებაში აჭარას, აჭარის მთავრობამ კი კომპანია „დს გრუპს“ გადასცა. კომპანია სკვერის ადგილზე და მის მიმდებარედ მრავალსართულიან და მრავალფუნქციურ შენობას ააშენებს.

სკვერთან ახლოს „დს გრუპი“ უკვე აშენებს მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსს [მისამართზე: ჯავახიშვილის 5/აბუსერიძის 4].

ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის დავით ბალაძის მიერ ბათუმის საკრებულოში გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, რომ „საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პირველად შესაძლებელია განხორციელდეს ძველი ხრუშოვკის ტიპის ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი და მის ნაცვლოდ ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, რისთვისაც ინვესტირებული იქნება დაახლოებით 13 მილიონი აშშ დოლარი და დასაქმდება რამდენიმე ათეული საქართველოს მოქალაქე“.

მინისტრი ბათუმის საკრებულოდან მიწის ნაკვეთების აჭარის საკუთრებაში გადაცემას ითხოვს, მათი შემდგომი პრივატიზების მიზნით. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ზემოაღნიშნული წინადადებით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წელს, 16 მარტს მიმართა. მინისტრმა დავით ბალაძემ კი იმავე დღეს მიმართა საკრებულოს ქონების გადმოცემის თხოვნით.

გასასხვისებელ ქონებად მიწის ორი ნაკვეთი განისაზღვრა: 1072 კვ/მ [სკვერი] და იქვე „ხრუშოვკისა“ და სკვერის მიმდებარედ არსებული 1115 კვ/მ. მიწის ეს ნაკვეთები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ საკუთრებაში ბათუმის საკრებულომ მიმდინარე წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით გადასცა _ შემდგომში პირდაპირი მიყიდვის წესით გასხვისებისა და „დს გრუპის“ მიერ 2180 კვ/მ საცხოვრებელი ფართობის ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემის პირობით.

ნაკვეთი, რომელიც „ხრუშოვკის“ მიმდებარედაა [1115 კვ/მ], ბათუმის მუნიციპალიტეტს, როგორც „დამატებითი ქონება“, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის 12 მარტს გადასცა [ბათუმის მერიამ კი ეს ნაკვეთი საკუთრებაში მინისტრ დავით ბალაძის წერილის მიღებიდან მესამე დღეს, 19 მარტს დაირეგისტრირა]. ამასთან, სააგენტოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ამავე სააგენტოსადმი ბათუმის მერისა და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის წერილები ნაკვეთთან დაკავშირებით. „დს გრუპმა“ ორთავე ნაკვეთი საკუთრებაში წელს, 28 აპრილს დაირეგისტრირა.

2012 წელს დაარსებული კომპანია „დს გრუპის“ ძირითადი მიმართულება სამშენებლო ბიზნესია. კომპანიის მფლობელი ბათუმში დაბადებული რუსეთის მოქალაქე, ბიზნესმენი სერგეი დავიდოვია [მას ეკუთვნის სავაჭრო ცენტრი „მოსკოვი~ (ძველი უნივერსამი).

მიმდინარე წლის 7 მაისს ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი იღებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის წერილს, რომლითაც მთავრობის თავმჯდომარე შუამდგომლობს მერთან, რათა „დს გრუპს“ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განაშენიანების კოეფიციენტი გაუზარდოს.

„პროექტის ფარგლებში მოხდება საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი [მითითებულია 5-სართულიანი, თუმცა სახლი 4-სართულიანია-ავტ.] და თანამედროვე მრავალფუნქციური შენობის მშენებლობა, სადაც განთავსდება სკოლა, საბავშვო ბაღი, ასევე კომერციული დანიშნულების ობიექტები და საცხოვრებელი ბინები.
ამასთან, წარმოდგენილი პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია როგორც ქალაქმშენებლობითი, ასევე ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი ამოცანების გადაწყვეტის კუთხით“, – მიაჩნია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს.

„გთხოვთ, გაითვალისწინოთ ხალხის თხოვნა“

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, ბათუმის მერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამ დღეებში კიდევ ერთ წერილს მიიღებენ, რომელსაც ხელს ტბელ აბუსერიძის 4-ში მცხოვრები 108 ოჯახი [500-მდე ადამიანი] აწერს.
წერილში აღნიშნულია: „ვაპროტესტებთ ქალაქის დაგეგმარების ამ სქემას და მოვითხოვთ სკვერში ახალი მშენებლობის შეჩერებას. ჩვენ ვართ ხალხის ხმა. თუ ყურად არ იღებთ ხალხის მოთხოვნას, იძულებული ვიქნებით მივმართოთ პროტესტის ზომებს. გადავკეტავთ ტბელ აბუსერიძის გამზირს და მოვაწყობთ ბარიკადებს. გთხოვთ გაითვალისწინოთ ხალხის თხოვნა და მოიქცეთ შესაბამისად“.

მოსახლეობა ამბობს, რომ მათთვის „ეს ადგილი იყო დასვენების, ბავშვების გართობისა და მხიარულების ადგილი, როგორც სკვერი. გარდა ამისა, ზღვიდან მონაბერ ნიავს აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენთვის, როგორც სუნთქვის საშუალებას, მრავალსართულიანი სახლები კი სანაპიროს პარალელურად შენდება და გვიკეტავს ჰორიზონტს… ახლა 32-სართულიანი სახლი შენდება ახლოს, ისიც სკვერში. ჩვენთვის მალე არ იარსებებს მთიდან მონაბერი ნიავიც, რადგან პუშკინის ქუჩის მხრიდან უკვე აშენდა 19-სართულიანი სახლი, პუშკინისა და ჯავახიშვილის კვეთაში, ჩვენი სახლის პირდაპირ ასევე შენდება 24-სართულიანი სახლი; იგეგმება აქვე სხვა სახლებისა და რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილზე მაღლივი კორპუსის მშენებლობა – ჩვენი სახლი აღმოჩნდა ალყაში“.

„სკვერს რას ერჩიან, ეს ხომ ყველასია, შენობა შენობის ადგილზე ააშენონ და სართულიანობასაც მიაქციონ ყურადღება, ქალაქს არქიტექტორი არ ჰყავს, დაგეგმარება არაა. იმედია, ხალხს არ დაგვაპირისპირებენ ერთმანეთს“, – ამბობს მოსახლეობა.

სკვერი სტატუსის გარეშე

„ბათუმელების“ კითხვაზე – რატომ გაიყიდა სკვერი? აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მოგვწერა: „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადმოსცა ის მიწის ნაკვეთი, რომელსაც არ ჰქონდა მინიჭებული სკვერის სტატუსი. აქედან გამომდინარე, უძრავი ქონების პრივატიზება განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“.

ახლა მერია, „ბათუმელების“ ინფორმაციით, გაყიდულ ნაკვეთზე არსებული მცენარეების „გადარჩენაზე“ ზრუნავს. თუმცა სპეცტექნიკა, რომელიც იქ არსებულ მრავალწლოვან ნარგავებს მიწიდან უვნებლად ამოიღებს, მერიას არ გააჩნია. უფრო ზუსტად, აქვს, თუმცა მწყობრიდან გამოსული და უვარგისი. შესაბამისად, რამდენიმე ხეს, სავარაუდოდ, მოჭრიან.

„შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი მცენარე არ განადგურდება. თუმცა, მაქ არის 4 ძირი ხე [2 ცხენისწაბლა, თითოც მუხა და დრაცენა], რომლებსაც სპეციალური ამომთხრელი მანქანის გარეშე ვერ ამოიღებ. გზის პირზეა და შესაძლოა მშენებელმა არ გაანადგუროს. რაც შეეხება დანარჩენ ნარგავებს _ 25 ძირის ამოთხრა და სხვაგან გადატანა შესაძლებელია. ჩვენი სამსახური ამას უზრუნველყოფს. სავარაუდოდ, ისევ ჯავახიშვილის ან ბაგრატიონის ქუჩებზე გადავრგავთ. მცენარეების გადარგვა აგვისტოს თვიდანაა შესაძლებელი, ამიტომ, მითხრეს, რომ მაგ დრომდე ამ მონაკვეთზე მშენებლობა არ დაიწყება“, – უთხრა „ბათუმელებს“ მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის დირექტორმა ეთერ მაჭუტაძემ.

„რას გააკეთებთ ბათუმში გარემოსდაცვის კუთხით, თუკი ქალაქის მერი გახდებით? – ეს კითხვა „ბათუმელებმა“ ბათუმის მერობის 11 კანდიდატს გასულ წელს, წინასაარჩევნოდ დაუსვა.

მაშინდელმა მერობის კანდიდატმა საარჩევნო ბლოკ „ქართული ოცნებიდან“ და დღეს ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა ამ კითხვას ასე უპასუხა: „გარემოს დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტია იმ პროგრამის, რომელსაც „ქართული ოცნების“ გუნდი წარადგენს… მნიშვნელოვანია რეკრეაციული ზონების, პარკების კეთილმოწყობა. უნდა გაიზარდოს მწვანე ზოლი. არ უნდა დაგვრჩეს ქალაქში ტერიტორია, სადაც მწვანე საფარი გვაქვს, რომელზეც არ იქნება მრავალწლოვანი და ფოთლოვანი ნარგავები“.

სკვერის [გა]დარჩენილი ნაწილი

მრავალწლოვანის ნარგავებით გაშენებული მიწის ნაკვეთი ჯავახიშვილის ქუჩაზე, გაყიდული ნაკვეთიდან გორგასლის ქუჩის ბოლომდე მდებარეობს [ყოფილი საქალაქო სასამართლოს მოპირდაპირე ტერიტორია]. აქ ატრაქციონებიცაა განთავსებული.

საკადასტრო რუკის მიხედვით, მწვანე ზოლი ჯავახიშვილზე დღეს 4 ნაკვეთადაა დაყოფილი [უკვე გაყიდული ნაკვეთი – 1072 კვ/მ], მის გვერდით 825 კვ/მ, შემდეგ 1427 და 457 კვ/მ-ის ნაკვეთები. აქედან ბოლო ორ ნაკვეთზე, მისამართად მითითებულია „ჯავახიშვილის ქუჩის სკვერი“, ხოლო 825 კვ/მ ნაკვეთზე მითითებულია კვლავ ჯავახიშვილის და ტბ. აბუსერიძის ქუჩების კვეთა, თუმცა ეს ნაკვეთი აბუსერიძის ქუჩას აღარ უკავშირდება. მერია დატოვებს თუ არა ამ ნარგავებით გაშენებულ ნაკვეთს როგორც სკვერს, თუ გაასხვისებს, ან არის თუ არა დანარჩენი ორი ნაკვეთი ოფიციალური სკვერი? – ამას „ბათუმელები“ სამომავლოდ გაარკვევს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით: „ხრუშოვკის“ ტიპის ოთხსართულიან საცხოვრებელ სახლში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესებისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოზიციის გათვალისწინებით, ჯამში, 2187 კვ/მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ის პრივატიზება განხორციელდა კომპანია “Dშ GღOUP”-ზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით. პირობად განისაზღვრა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ უძრავ ქონებაზე შენობა-ნაგებობის აშენება (ექსპლუატაციაში შეყვანა) და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის არანაკლებ 2180 კვ/მ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა“.

„ბათუმელები“ „დს გრუპის“ დირექტორს დავით სალაძეს ტელეფონით დაუკავშირდა, რომელმაც გვთხოვა მისთვის საათნახევარში დაგვერეკა. მან მოგვიანებით სატელეფონო ზარს არ უპასუხა. კომპანიის გაყიდვების ოფისში გვითხრეს, რომ დავით სალაძე ბათუმში არ იმყოფება.

დავით სალაძემ გასულ წელს „ბათუმელებთან~ განაცხადა: „გვაქვს გლობალური პროექტები, რომელთა შესახებაც ინფორმაციის გახმაურება ჯერჯერობით არ მინდა. ამ პროექტების განხორციელება ბათუმშია დაგეგმილი… მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ქალაქის მიყრუებული ადგილი აყვავდება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი