„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკართან, გასული წლის ნოემბერში დაკავებულ საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა:
“საოკუპაციო ძალებმა დაკავებისთანავე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 51 წლის ბესტაევმა ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. ჩხრეკისას მას 9 გრამი მარიხუანა აღმოუჩინეს. ბესტაევის საცხოვრებელი სახლი სოფელ ზარდიაანთკარში, საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს. რუსმა სამხედროებმა ის ადრეც დააკავეს ე.წ. საზღვრის კვეთისთვის”.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ ბესტაევის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას არ გამოუჩენია საკმარისი ძალისხმევა, დახმარებოდა საკუთარ მოქალაქეს.
“საკითხზე პასუხისმგებელი უწყებები და თანამდებობის პირები აღნიშნული საკითხის უგულებელყოფით საოკუპაციო ძალების პირისპირ მარტო ტოვებენ არარსებული საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებულ ადამიანს”.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ხელისუფლებას მიმართავს, რომ გამოიჩინოს სათანადო ძალისხმევა საკუთარი მოქალაქის გასათავისუფლებლად.
“ქვეყანაში არცერთ მოქალაქეს არ უნდა დარჩეს განცდა, რომ მისი თავისუფლება სახელმწიფოსთვის ღირებულებას არ წარმოადგენს”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
რაც შეეხება ქართული მხარის ოფიციალურ პოზიციას, ამ დრომდე სახელმწიფო უწყებებს ის არ დაუფიქსირებიათ.