ახალი ამბები

რატომ არ შეუშვეს არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი აზერბაიჯანში – საგარეოს განმარტება

22 ივნისი, 2015 • • 1697
რატომ არ შეუშვეს არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი აზერბაიჯანში – საგარეოს განმარტება

21 ივნისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში მოქმედი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარს ლევან თეთრუაშვილს, საქართველოდან აზერბაიჯანში დაბრუნებისას, „ლაგოდეხი-ბელაქანის“ სასაზღვრო–გამშვები პუნქტზე აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა არ მისცა ქვეყანაში შესვლის უფლება.

 

“როგორც აზერბაიჯანული მხარე განმარტავს, ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილია მკაცრი მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ღვთისმსახურების უფლება აქვთ მხოლოდ აზერბაიჯანის მოქალაქეებს და სწორედ ეს გახლდათ საქართველოს მოქალაქე მღვდელმსახურის ქვეყნის ტერიტორიაზე დაუშვებლობის მიზეზი”, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

როგორც უწყებაში განმარტავენ, საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან არსებობს მზაობა აღნიშნული ეკლესიის წინამძღვარმა მიიღოს აზერბაიჯანის მოქალაქეობა და მისი საქმიანობა ქვეყნის ტერიტორიაზე მოექცეს ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილ ჩარჩოებში, რათა წმინდა გიორგის ეკლესია არ დარჩეს მოძღვრის გარეშე.

 

“წლების მანძილზე აზერბაიჯანული მხარე გამონაკლისს უშვებდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, ხოლო სხვა დანარჩენი კონფესიების რელიგიური მოღვაწენი არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები. ქართული მხარის თხოვნის საფუძველზე, 2015 წლის 1 ივნისამდე აზერბაიჯანულმა მხარემ რამდენჯერმე გადადო ქართული მხარისთვის ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნის შესრულება.  დადგენილი ვადის ამოწურვის შემდგომ კი აზერბაიჯანულმა მხარემ მოითხოვა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, რათა ქართველმა სასულიერო პირმა შეძლოს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ღვთისმსახურება აზერბიჯანის კანონმდებლობის შესაბამისად”, – წერია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი