ევროკავშირმა შესაძლოა საჯარო სივრცეებში სახის ამომცნობი სისტემები, მუდმივი თვალთვალის ტექნოლოგიების რისკების შეუსწავლებლობის მიზეზით, დროებით აკრძალოს, – იუწყება გამოცემა „გარდიანი“ (The Guardian).
ევროკომისიაში ცოტა ხნის წინ დარეგისტრირდა კანონპროექტის პირველადი ვერსია, რომელშიც საუბარია აკრძალვაზე, რომელმაც გასვლის შემთხვევაში, შეიძლება 3-დან 5 წლამდე გასტანოს.
კანონპროექტით, აკრძალვა შეეხება სახის ამომცნობი სისტემების დამონტაჟება-ფუნქციონირებას ისეთ ადგილებში, როგორიცაა სადგურები, სპორტული მოედნები, სავაჭრო ცენტრები და ა.შ.
კანონპროექტის თანახმად, ეს ნაბიჯი იქნებოდა პასუხი სახის ამომცნობი სისტემების სწრაფ გავრცელებაზე ევროპის ქვეყნებში. კანონპროექტის საბოლოო ვერსია თებერვალში გამოქვეყნდება.
ამჟამინდელ ვერსიაში წერია, რომ სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამოყენება კერძო თუ საჯარო აქტორების მიერ საჯარო სივრცეში დროებით (სამიდან ხუთ წლამდე) აიკრძალება — მანამდე, სანამ არ შემუშავდება მწყობრი მეთოდოლოგია ამ ტექნოლოგიის ხარვეზების ამოსაცნობად და რისკების შესაფასებლად.
როგორც „გარდიანი“ წერს, სახის ამოცნობის ტექნოლოგია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტექნოლოგიაა და თანდათანობით მის საყოველთაოდ გამოყენებას იწყებენ ევროპის სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციები.
მაგალითად, გერმანიის ხელისუფლება გეგმავს, რომ ეს ტექნოლოგია რკინიგზის 134 სადგურსა და 14 აეროპორტში დააყენოს. ეს მას შემდეგ, რაც ტექნოლოგია ბერლინში დაიტესტა.
საფრანგეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, დაცულ სახელმწიფო ვებგვერდებზე ასეთი ტექნოლოგიის დახმარებით ჰქონდეს წვდომა.