ახალი ამბები

გარდაიცვალა კრისტოფერ ტოლკინი, ჯ.რ.რ. ტოლკინის შვილი

17 იანვარი, 2020 • 1920
გარდაიცვალა კრისტოფერ ტოლკინი, ჯ.რ.რ. ტოლკინის შვილი

კრისტოფერ ტოლკინი, ფენტეზის ჟანრის ავტორისა და მეცნიერის, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის უმცროსი ვაჟი, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მამის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნებული მასალების რედაქტირებითა და „ბეჭდების მბრძანებლის“ რუკების ავტორობითაა ცნობილი.

16 იანვარს მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა „ტოლკინის საზოგადოებამ“ – ორგანიზაციამ, რომელიც ჯ.რ.რ. ტოლკინის ნამუშევრების გავრცელებას უწყობს ხელს.

იგი 1924 წელს დაიბადა ლიდზში, დიდ ბრიტანეთში. ოქსფორდში გატარებული ბავშვობის შემდეგ, II მსოფლიო ომის დროს, დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალებში მსახურობდა, საიდანაც სამხრეთ აფრიკაში გააგზავნეს.

ომის დასრულების შემდეგ სწავლა დაასრულა და ძველ ინგლისურ ენაზე ლექციების კითხვა დაიწყო ოქსფორდის უნივერსიტეტში.

1973 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, კრისტოფერ ტოლკინმა ხელი მიჰყო მისი გამოუქვეყნებელი მასალების რედაქტირებასა და გამოქვეყნებას.

კრისტოფერ ტოლკინის დამსახურებით გამოქვეყნდა ჯ.რ.რ. ტოლკინის მნიშვნელოვანი ნაშრომები —„სილმარილიონი“, „ნუმენორისა და შუამიწეთის დაუსრულებელი მოთხრობები“, „ბერენი და ლუთიენი“, „შუამიწეთის ისტორია“, „ჰურინის შვილები“ და „გონდოლინის დაცემა“.

მასვე ეკუთვნის შუამიწეთის ორიგინალური, შთამბეჭდავი რუკების უმრავლესობა, რომლებიც ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში, „ბეჭდების მბრძანებლის“ გამოცემისთვის დახატა.

შუამიწეთის ზოგადი რუკა. კრისტოფერ ტოლკინი

როგორც „გარდიანი“ წერს, კრისტოფერ ტოლკინი, რომელიც თავდაუზოგადავად შრომობდა მამის ნაშრომების გამოსაქვეყნებლად და მისი ლიტერატურული და სამეცნიერი დანატოვარის დასაცავად, დიდად აღფრთოვანებული არ ყოფილა ამ ყველაფრის კომერციალიზაციით.

ის უკმაყოფილო იყო „ბეჭდების მბრძანებლის“ პიტერ ჯექსონისეული ეკრანიზაციითაც — 2012 წელს ფრანგულ გაზეთ Le Monde-ს განუცხადა, რომ „მათ [ფილმის შემქმნელებმა] გამოშიგნეს წიგნი და 15-დან 25 წლამდე მაყურებლისთვის შექმნეს „ექშენ“ ფილმი“…

მასალების გადაბეჭდვის წესი