საავტომობილი გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო გზის ბოლო, მეოთხე მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულება საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა.

დეპარტამენტის ცნობითვე, საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვეს ერთობლივმა საწარმოებმა  “Guizhou Highway Engineering Group-მა” და “ჩინეთის ეროვნულმა ტექნიკურმა ექსპორტისა და იმპორტის კორპორაციამ”.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ-მა კომპანიასთან ხელშეკრულება დღეს, 16 იანვარს გააფორმა. რიკოთის საუღელტეხილო გზის ბოლო, მეოთხე, მონაკვეთის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი დაახლოებით 600 მლნ ლარით აფინანსებს.

“რიკოთის საუღელტეხილო გზის შორაპანი-არგვეთის მონაკვეთის მშენებლობას  582 777 310 ლარით აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. ამ მონაკვეთზე აშენდება 14.7 კმ. ცემენტ-ბეტონის 4- ზოლიანი გზა,  14 ხიდი და 12 გვირაბი. სამუშაოების დასრულებას 3 წელი დასჭირდება. შორაპანი-არგვეთის მონაკვეთის 14.7-კმ-იანი გზა ავტოტრანსპორტს გაუადვილებს მთაგორიან მონაკვეთებში, ხევებსა და მდინარეებზე გადაადგილებას.  ამჟამად რიკოთის საუღელტეხილო გზის ორ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო ერთ მონაკვეთზე დაწყებულია სამობილიზაციო სამუშაოები”, – წერია განცხადებაში.

გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს:

“საბოლოო ჯამში, რიკოთის საუღელტეხილო გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მანძილს 30 კილომეტრით შეამცირებს, ხოლო წითელი ხიდიდან-სარფამდე მგზავრობის დრო განახევრდება და ამ მანძილის დაფარვას 8 საათის ნაცვლად 4-4.5 საათი დასჭირდება”.