ახალი ამბები

კალაძე ელისაშვილს პასუხობს

16 იანვარი, 2020 • 2174
კალაძე ელისაშვილს პასუხობს

კახა კალაძე გამოეხმაურა “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც კახა კალაძემ ოპოზიციას სამომავლოდ პოლიტიკური გარანტიები სთხოვა და ივანიშვილის წინააღმდეგ მუშაობას დაჰპირდა. კალაძე ელისაშვილის ინფორმაციას ბრალდებას და შეურაცხყოფას უწოდებს, ოპონენტს კი “უბინძურეს ადამიანად” მოიხსენიებს.

“მე ყოველთვის ვცდილობ, იმ ბრალდებებზე, შეურაცხყოფებზე, რაც ისმის ელისაშვილის მსგავსი პოლიტიკოსების მხრიდან, ყოველთვის ვიყო თავშეკავებული. ჩემს თავს არ ვაკადრებ ვუპასუხო ის, რისი ღირსიც არის ბატონი ალეკო ელისაშვილი. ჩემს თავს ვცემ პატივს, მის ოჯახს ვცემ პატივს. ბატონი ელისაშვილი არის ყველაზე უბინძურესი ადამიანი, რაც შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა, სხვას მეტს არაფერს ვიტყვი”, – აცხადებს კალაძე.

ალეკო ელისაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, კალაძემ ოპოზიციას თბილისის მერობის ვადის ბოლომდე დასრულება სთხოვა. ელისაშვილი არ აკონკრეტებს, ვისგან აქვს მას ეს ინფორმაცია, თუმცა დასძენს, რომ ეს ამბავი რამდენიმე სანდო ადამიანისგან იცის.

“დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ ოპოზიციას ნამდვილად შემოუთვალა ჯამურად კალაძემ, რომ გარანტიას ეძებს, ხვდება, რომ ივანიშვილის გემი იძირება და არ უნდა ჩაჰყვეს. ამიტომ იყო ეს ყვლაფერი.
ძალიან სარწმუნო რამდენიმე წყაროზე და არა ერთზე…. არა ერთ, არამედ რამდენიმე ოპოზიციონერს შემოუთვალა, რომ თუ მას გარანტიებს მისცემენ და აცლიან მერობის დასრულებას, ის ბოლომდე არ გადაეფარება ივანიშვილს. ხიდებს აშენებს ოპოზიციასთან, რადგან მას თავისი პოლიტიკური მომავალი ადარდებს”, – აცხადებს ელისაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი