ახალი ამბები

„ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკური მანიპულაციები“ – კალაძე NDI-ის კვლევებზე

16 იანვარი, 2020 •
„ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკური მანიპულაციები“ – კალაძე NDI-ის კვლევებზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევები „მიზანმიმართულ პოლიტიკურ მანიპულაციებად“ მიაჩნია. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს დღეს, 16 იანვარს განუცხადა.

„NDI-ს კვლევებს რაც შეეხება, მე იგივე პოზიცია მაქვს, რასაც ადრე ვსაუბრობდი – მე მგონია, რომ ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკური მანიპულაციები, რომ საზოგადოება გარკვეულწილად შეიყვანონ შეცდომაში, თუმცა არავის არაფერი არ გამოუვა, ჩვენ კარგად ვხედავთ, სტატისტიკაც შესაძლებელია ამოვიღოთ და ვნახოთ, თუ როგორი კვლევები ქვეყნდებოდა 2012 წელს, 2012 წლის მერე და რა შედეგები იდებოდა. შესაბამისად, მე ვფიქრობ, ანალიზის გაკეთება ძალიან მარტივია“, – აცხადებს იგი.

კალაძემ აგრეთვე ისაუბრა თავისი რეიტინგის შესახებ, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ყველაზე მაღალია – გამოკითხულთა 13% მის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს, 31% – კარგად, 32% – საშუალოდ, 16% – ცუდად, 6% – ძალიან ცუდად, 1%  უარს ამბობს პასუხზე. თუმცა, NDI-მ კალაძის შემთხვევაში რესპონდენტები მხოლოდ თბილისში გამოკითხა.

„ჩემს რეიტინგს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ძალიან კარგად ვიცი ხალხის დამოკიდებულება პირადად ჩემ მიმართ, ჩემი პარტიის მიმართ, ასე რომ, ძალიან კარგად გვაქვს ჩვენ ურთიერთობები საზოგადოებასთან, ხალხთან აწყობილი და მომავალშიც ვაპირებთ გაგრძელებას“, – განაცხადა კალაძემ.

ხელისუფლების ლიდერებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი კალაძეს აქვს – NDI

მასალების გადაბეჭდვის წესი