თბილისში ბოლო 1 თვეში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა – ცხოველთა მონიტორინგი

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში ბოლო 2 თვეში ცოფის 2 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებული ძაღლები სოფელ დიღომსა და ვაზისუბნის დასახლებაში აღმოაჩინეს.

სააგენტო წერს, რომ ცხოველები მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც ბუნებრივი სიკვდილით დაიხოცნენ.

„ცოფის ვირუსის გამოსავლენად ცხოველების პათოლოგიური მასალა გადაიგზავნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში. მასალის კვლევის შედეგად დადასტურდა ცოფის ვირუსის არსებობა. აღსანიშნავია, რომ ვირუსი ორივე შემთხვევაში პატრონიან ძაღლს გამოუვლინდა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოუწოდებს ცხოველების მეპატრონეებს, საკუთრებაში მყოფ შინაურ ცხოველებს (ძაღლი, კატა) ჩაუტარონ ანტირაბიული ვაქცინაცია, პირველ ჯერზე- 3 თვის ასაკში, შემდეგ კი, ყოველწლიურად.

„განსაკუთრებით საყურადღებოა ანტირაბიული ვაქცინაციის დროულად ჩატარების აუცილებლობა მონადირე ჯიშის ძაღლების შემთხვევაში, რომლებიც უშუალო შემხებლობაში არიან გარეულ ცხოველებთან,“.

უწყების ინფორმაციით, 2019 წელს ცოფის ვურუსის ექვსი, ხოლო მიმდინარე წელს ერთი შემთხვევა გამოვლინდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან