ახალი ამბები

პუტინი ატომურ სახელმწიფოებს მოუწოდებს, მსოფლიო ომის ასარიდებლად ნაბიჯები გადადგან

15 იანვარი, 2020 • 958
პუტინი ატომურ სახელმწიფოებს მოუწოდებს, მსოფლიო ომის ასარიდებლად ნაბიჯები გადადგან

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს [აშშ, გაერთიანებული სამეფო, რუსეთი, საფრანგეთი, ჩინეთი] მოუწოდებს, მსოფლიო ომის ნებისმიერი წინამდებარე საფრთხე გაანეიტრალონ. ამის შესახებ პუტინმა ფედერალური საბჭოს წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის მიმოხილვისას მან თქვა, რომ დღესდღეობით თითქმის შეუძლებელია მსოფლიოში სიტუაციის წინასწარ განჭვრეტა. რეგიონული კონფლიქტები, შეიძლება, სწრაფად გადაიზარდოს საფრთხეში, რომელიც შემდგომ საერთაშორისო თანამეგობრობას დაემუქრება.

პუტინის თქმით, სწორედ ამიტომ დადგა „პირდაპირი და სერიოზული“ საუბრების დრო.

„უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება, სიბრძნე და სიმამაცე. დროა საჭირო, რომ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა გავიაზროთ და ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ.

ამის მაგალითს კი გაეროს დამფუძნებელი ქვეყნები უნდა იძლეოდნენ. სწორედ 5 ატომურ სახელმწიფოს აკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კაცობრიობის განვითარების შენარჩუნებისთვის“, – განაცხადა პუტინმა და მოუწოდა ამ ქვეყნებს, პლანეტაზე სტაბილურობის შენარჩუნებისთვის გლობალური ომის ნებისმიერი საფრთხე თავიდან აიცილონ.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ამისთვის ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომელიც მოიცავს საერთაშორისო ურთიერთობების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო ასპექტებს. მისივე თქმით, რუსეთი ღიაა, ყველა დაინტერესებულ პარტნიორთან ამ კუთხით ურთიერთობა გაამყაროს:

„ჩვენ არავის ვემუქრებით და არ ვიღვწით იმისკენ, რომ ვინმეს ჩვენი ნება მოვახვიოთ თავს. ამასთანავე, გარწმუნებთ, რომ ჩვენი ნაბიჯები ეროვნული უსაფრთხოების გამყარებისთვის გადაიდგა თავის დროზე და საკმარისი ოდენობით.

სარაკეტო-ატომური იარაღის არსებობის განმავლობაში პირველად, არცერთ ქვეყანას არ ვეწევით, არამედ – პირიქით“, – ამბობს პუტინი და ამატებს, რომ ატომური იარაღის თვალსაზრისით, სხვა ქვეყნები რუსეთის უკან დგანან.

მასალების გადაბეჭდვის წესი