ახალი ამბები

“ბასიანთან” 3 პირის დაჭრის ფაქტზე, შესაძლოა, ბრალდების კვალიფიკაცია შეიცვალოს – პროკურატურა

14 იანვარი, 2020 • 842
“ბასიანთან” 3 პირის დაჭრის ფაქტზე, შესაძლოა, ბრალდების კვალიფიკაცია შეიცვალოს – პროკურატურა

პროკურატურა აცხადებს, რომ ღამის კლუბ “ბასიანთან” სამი პირის დაჭრის საქმეზე ბრალდებულ ბიძინა ჩაჩხიანს, შესაძლოა, ბრალდების კვალიფიკაცია შეეცვალოს გამოძიებისა და მტკიცებულებების ანალიზის შედეგად.

როგორც პროკურატურა ამბობს, შემთხვევიდან მეორე დღეს, 13 იანვარს, ბიძინა ჩაჩხიანს გამოძიების მიერ საწყის ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით და 117-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ”, მეხუთე ნაწილის “გ” და მეშვიდე ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ხულიგნობას გულისხმობს.

“ბრალდების წარდგენა მოხდა კანონით გათვალისწინებულ, დაკავების 48-საათიან ვადაში, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა საქმეზე გამოძიება გრძელდება ყოველმხრივ. ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოსაკითხია დაზარალებულები. ისინი უახლოეს პერიოდში გამოიკითხებიან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2020 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 02:30 საათზე, ბიძინა ჩაჩხიანი იმყოფებოდა აღნიშნულ ღამის კლუბში, რა დროსაც ის არ დაემორჩილა კლუბში დადგენილ წესებს და კლუბიდან გააძევეს. ამის შემდეგ ის კვლავ დაბრუნდა “ბასიანის” ტერიტორიაზე. პროკურატურის ინფორმაციით, ის ხმამაღლა გინებით ითხოვდა კარის გახსნას და სანადირო გლუვლულიანი თოფიდან გაისროლა “ბასიანის” შესასვლელი კარის მიმართულებით, რა დროსაც სამი პირი დაიჭრა.

თავდაპირველად, პროკურატურა აცხადებდა, რომ გამოძიებას განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აწარმოებდნენ, რაც 16-დან 20-მდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. თუმცა ჩაჩხიანს ბრალი უფრო მსუბუქი მუხლით წარუდგინეს, თუმცა მისი ბრალდების სხვადასხვა ეპიზოდი 5-დან 13 წლამდე სასჯელებს ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი