ნეტგაზეთი | სუსი საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროების მიერ უკანონო კონსტრუქციების მონტაჟს ადასტურებს სუსი საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროების მიერ უკანონო კონსტრუქციების მონტაჟს ადასტურებს – Netgazeti
RU | GE  

სუსი საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროების მიერ უკანონო კონსტრუქციების მონტაჟს ადასტურებს

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზთან, რუსი სამხედროების მიერ უკანონო კონსტრუქციების დამონტაჟების ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. მათი განმარტებით, ეს მოქმედება განიხილება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის კონტექსტში და არის იმ უკანონო აქტივობების ნაწილი, რასაც “საოკუპაციო ძალები 2011 წლიდან ახორციელებენ საოკუპაციო ხაზის მთელ პერიმეტრზე.”

“ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების, ჩორჩანის და წაღვლის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში საოკუპოაციო ძალების პროვოკაციული ქმედებები, მწვავედ იქნა დასმული როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რაუნდებზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. ამოქმედებულია ჩვენს ხელთ არსებული ყველა საერთაშორისო მექანიზმი. საერთაშორისო პარტნიორების მიერ არაერთგზის დაფიქსირდა კონსოლიდირებული პოზიცია სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით. მიმდინარეობს კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უმოკლეს ვადებში გაიმართოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა, სადაც ცენტრალური ხელისუფლება კვლავ მკაცრად მოითხოვს სოფლების, ჩორჩანასა და წაღვლს შორის არსებული ტყის მასივიდან უკანონოდ აღმართული ინსტალაციების დემონტაჟს”, – განმარტავენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ჩორჩანის მიმდებარედ რუსი სამხედროების მიერ ახალი კონსტრუქციების მონტაჟის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად დავით ქაცარავამ გაავრცელა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი