ახალი ამბები

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ფორსირებული განხილვა ადასტურებს პოლიტიკურ მოტივაციას – კოჟორიძე

13 იანვარი, 2020 • 1105
ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ფორსირებული განხილვა ადასტურებს პოლიტიკურ მოტივაციას  – კოჟორიძე

პოლიტიკური პარტია “ლელოს” წევრის, კახა კოჟორიძის განცხადებით, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესების თითქმის ყოველ მეორე დღეს ჩანიშვნა არის პოლიტიკური მოტივაციის მატარებელი. ამის შესახებ კოჟორიძემ დღეს, 13 იანვარს, “ლელოს” სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა:

“ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ პროცესები მიდის უაღრესად ფორსირებულად, რაც კიდევ ერთხელ დამატებითი დასტურია იმისი, რომ ამ საქმის უკან დგას პოლიტიკური მოტივაცია”, – განაცხადა კოჟორიძემ.

კოჟორიძის განმარტებით, მის განცხადებას ადასტურებს ფაქტებიც: მაგალითად, პირველი პროცესი აღნიშნულ საქმეზე 2019 წლის 10 ოქტომბერს ჩაინიშნა, მას შემდეგ კი, ოქტომბირს მეორე ნახევარსა და ნოემბერში, არცერთი პროცესი არ ყოფილა ჩანიშნული. კოჟორიძის თქმით, პროცესების აქტიური ჩანიშვნა საქმის მოსამართლე გიორგი არვეაძემ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 22 დეკემბერსს “ლელოს” ჰქონდა პარტიული ყრილობა – “ჩვენ გვქონდა ძალიან ძლიერი სტარტი”, – ამბობს კოჟორიძე.

მისი განმარტებით, იანვარ-თებერვლის თვეებში ჩანიშნულია 18 სასამართლო პროცესი, რის შედეგადაც პარტიის თავმჯდომარესა და გენერალურ მდივანს ყოველ მეორე დღეს უწევთ სასამართლო დარბაზში სიარული:

“ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ საქმის დაწყების მთავარი მიზანი იყო ის, რომ რაღაცნაირად განეიტრალება მომხდარიყო მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტივობის და მოსამართლის მოქმედება არის ამის დასტური”, – განაცხადა კოჟორიძემ.

კოჟორიძის თქმით, მოსამართლე არევაძე ასევე არ ითვალისწინებს მოპასუხე მხარეების შუამდგომლობას არც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის და არც “ტვ პირველის” მფლობელის, ავთანდილ წერეთლის შემთხვევაში, რომელმაც სასამართლოში სხდომის გადადების შუამდგომლობა ჯანრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დააყენა.

მისივე თქმით, პოლიტიკური პარტია “ლელოს” წევრები აპირებენ, რომ სასამართლოს მიმართონ ოფიციალური განცხადებით, სადაც იქნება ორი შეკითხვა:

  1. მიემართება უშუალოდ გიორგი არევაძეს – მის სამოსამართლო პრაქტიკაში ყოფილა თუ არა ოდესმე, რომ მსგავსი ინტენსივობით, 2 თვეში, დაახლოებით 20 სასამართლო პროცესი ჩეტარებინოს?
  2. მიემართება მთელ ქართულ სასამართლო სისტემას – მთელი ქართული დამოუკიდებელი მართლმსაჯულების ისტორიაში სხვა რომელ საქმეზე მოხდა, რომ ორი თვის განმავლობაში ასეთი ინტენსივობით ჩატარებულიყო პროცესები?

“არანაირი საკანონმდებლო ვალდებულება მოსამართლეს მსგავსი არ გააჩნია და ჩვენი ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი არევაძე უკვე წლებია რაც მოსამართლეა, ასეთი ინტენსივობით მას არცერთი სხვა საქმე არ განუხილავს”, – განაცხადა კოჟორიძემ.

კოჟორიძის აზრს იზიანებს პოლიტიკური პარტია “ლელოს” კიდევ ერთი წევრი, ლანა გალდავა, რომელიც ამბობს, რომ აღნიშნული სასამართლო პროცესი არის ტელეკომპანია “ტვ პირველის” და ანაკლიის პორტის პროექტის წართმევის მცდელობა:

“ის, რაც სასამართლოს პროცესზე ხდება, არის ტელევიზიის, კონკრეტულად ტვ “პირველის” წართმევის მცდელობა და მეორე, ანაკლიის წართმევის მცდელობა… ერთადერთი მესიჯი დღევანდელი ბანკროტი ხელისუფლების ქცევებიდან არის ის, რომ მოახდინოს ყველა ადამიანის განეიტრალება, ვინც ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში”, – განმარტა გალდავამ.


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ  24 ივლისს თქვა, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

აღნიშნული საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. საქმეზე ბრალდებულია ტვ “პირველის” მფლობელის, ვატო წერეთლის მამა ავთანდილ წერეთელი. ბრალდებულები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი