საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან.
ამ დროისათვის ერაყისა და ირანის მიმართულებით,არცერთი ქართული ავიაკომპანია არ ასრულებს პირდაპირ ავიარეისებს. თეირანი-თბილისი-თეირანის მიმართულებით რეგულარულად მხოლოდ 2 ირანული ავიაკომპანია – ქაშმ ეარლაინზი და ტაბან ეარლაინზი – დაფრინავს.
როგორც სააგენტო აცხადებს, აღნიშნული რეკომენდაცია ეყრდნობა ევროკავშირის საავიაციო უშიშროების რისკების შეფასების ინტეგრირებული ჯგუფის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციას, ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეში ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროებისთვის არსებული რისკების და უკრაინული საჰაერო ხომალდის კატასტროფის სავარაუდო მიზეზების გათვალისწინებით.
ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის საავიაციო უშიშროების რისკების შეფასების ინტეგრირებული ჯგუფის მიერ, მათ ხელში არსებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე, ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეში ფრენები შეფასდა როგორც მაღალი რისკის შემცველი და ევროპულ ავიაკომპანიებზე გაიცა რეკომენდაცია, თავი შეიკავონ აღნიშნული საჰაერო სივრცის გამოყენებისგან.
ევროპის გარდა, ირან-ერაყის საჰაერო სივრცის გამოყებაზე აკრძალვა დაუწესდათ ამერიკულ კომპანიებსაც. აღნიშნული შეზღუდვების საფუძველი ირან-ერაყში ვითარების ესკალაცია გახდა. 3 იანვარს აშშ-მა ერაყში საჰაერო თავდასხმის გზით გავლენიანი ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლა, რის შემდეგაც ირანმა ერაყში არსებული ამერიკული ბაზები დაბომბა, 8 იანვარს კი რაკეტით ჩამოაგდო “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების” სამგზავრო თვითმფრინავი, რასაც 176 ადამიანი ემსხვერპლა. ირანმა აღიარა, რომ თვითმფრინავი “შეცდომით” ჩამოაგდო.
