ახალი ამბები

თვითმფრინავის ჩამოგდების აღიარებისთვის ირანს რუსეთის დუმაში აკრიტიკებენ – Lenta.ru

12 იანვარი, 2020 • 3606
თვითმფრინავის ჩამოგდების აღიარებისთვის ირანს რუსეთის დუმაში აკრიტიკებენ – Lenta.ru

რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინი მიიჩნევს, რომ ირანს არ უნდა ეღიარებინა უკრაინული სამგზავრო ბოინგის ჩამოგდება, რასაც 176 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც რუსული მედიასასუალება Lenta.ru იტყობინება, რუსეთის მმართველი პარტიის წევრმა დანაშაულის აღიარების გამო ირანი ერთ-ერთ ადგილობრივ რადიოეთერში გააკრიტიკა.

“ეს იყო აშშ-ის პროვოცირებული, არაგამიზნული, საპასუხო ქმედება ირანის მხრიდან. აქ უნდა განვიხილოთ როგორც აშშ-ის, ისე ირანის ქმედება ჩამოგდებული თვითმფრინავის ნაწილში”, – Lenta.ru-ს ცნობით თქვა რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ.

მედიასაშუალების ცნობით, დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ეს იყო ერთი კონკრეტული სამხედროს შეცდომა და არა ირანის, როგორც სახელმწიფოს პოზიცია. მისივე თქმით, “შექმნილი დაძაბულობის ფონზე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, თეორიულად შესაძლებელია მსგავსი რამ მომხდარიყო პროფესიონალიზმის ნაკლებობისა და რაკეტის გაშვების ნაჩქარევი გადაწყვეტილების შედეგად”.

ირანის ხელისუფლებამ მხოლოდ 10 იანვარს აღიარა, რომ მისმა სამხედროებმა 8 იანვარს, თეირანში, აფრენიდან რამდენიმე წუთში რაკეტით შეცდომით ჩამოაგდეს “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების” თვითმფრინავი. ირანის ხელისუფლებამ მომხდარი “ადამიანურ შეცდომად” შეაფასა და პასუხისმგებლობის წილი დააკისრა აშშ-საც, რომელმაც 3 იანვარს ერაყში გავლენიანი ირანელი გენერალი ყასემ სოელიმანი მოკლა. ამის შემდეგ ირანმა 8 იანვარს, თვითმფრინავის ჩამოგდებამდე რამდენიმე საათით ადრე, ერაყში ამერიკული სამხედრო ბაზები დაბომბა. დაბომბვის შემდეგ კი ირანის სამხედრო ძალები განსაკუთრებულ მზადყოფნაში იყვნენ, რადგან საპასუხო თავდასხმას ელოდნენ. მათ სწორედ ამ დროს ჩამოაგდეს სამგზავრო ბოინგი. ირანის ხელისუფლების თქმით, თვითმფრინავი სამხედროებისთვის “სენსიტიურ ობიექტს” მიუახლოვდა, რაც მათ საფრთხედ აღიქვეს.

რუსეთის ხელისუფლებას ამ დრომდე არ უღიარებია თავისი დანაშაული “მალაიზიის ავიახაზების” კუთვნილი ბოინგის (MH17) ჩამოგდებაში, რასაც 298 ადამიანი ემსხვერპლა. საერთაშორისო გამოძიებამ დადასტურებულად დაადგინა, რომ “მალაიზიის ავიახაზების” თვითმფრინავი 2014 წლის 17 ივლისს უკრაინაში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დონეცკის ოლქის თავზე, საომარი მოქმედებებისას, სწორედ რუსული იარაღით ჩამოაგდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი