ახალი ამბები

“ლელო” მურად წურწუმიას მკვლელობის საქმის სახელმწიფო ინსპექტორისთვის გადაცემას ითხოვს

8 იანვარი, 2020 • 1561
“ლელო” მურად წურწუმიას მკვლელობის საქმის სახელმწიფო ინსპექტორისთვის გადაცემას ითხოვს

პარტია “ლელო” 24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობას სისტემურ დანაშაულად მიიჩნევს და ამბობს, რომ აღნიშნული დანაშაული პროკურატურის ნაცვლად სახელმწიფო ინსპექტორმა უნდა გამოიძიოს, რადგან ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. ამის შესახებ “ლელომ” სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

“მნიშნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ის, რომ გამოძიებას აწარმოებს არა ის უწყება, რომელიც ამ ტიპის საქმეებს უნდა იძიებდეს და არა იმ კვალიფიკაციით, რომელიც ამ მკვლელობას უნდა მიენიჭოს, არამედ სულ სხვა უწყება (პროკურატურა), რომელსაც დადასტურებული აქვს წლების განმავლობაში, რომ არ იძიებს და ყოველთვის ხელს აფარებს სამართალდამცავ ორგანოებს” – განმარტა “ლელოს” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის თქმით, ხელისუფლება ცდილობს აღნიშნული საქმე “ჩაფარცხოს”. მის აზრს იზიარებს “ლელოს” წევრი კახა კოჟორიძეც და ამბობს, რომ მურად წურწუმიას საქმეზე არსებობს სისტემური პრობლემა და გამოძიება უფრო მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, ვიდრე უნდა მიმდინარეობდეს:

“ყველა ასეთ საქმეში ჩვენ ვხედავთ სისტემურ პრობლემას და ამიტომ განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით და ვსწავლობთ თითოეულ ამ ქეისს, გამოძიება მიმდინარეობს უფრო მსუბუქი მუხლებით, ვიდრე იმ ქმედების შემადგენლობაა, რაზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ”, – ამბობს კოჟორიძე.

მისი თქმით, გამოძიება უნდა დაწყებულიყო წამების მუხლით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი