ახალი ამბები

უკრაინული თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაღუპულია – ირანული მედია

8 იანვარი, 2020 • 3825
უკრაინული თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაღუპულია – ირანული მედია

ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაღუპულია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. თავდაპირველი ცნობებით, თვითმფრინავის ბორტზე 180 ადამიანი იყო, რაც მოგვიანებით დაზუსტდა.

დღეს, 8 იანვარს, თეირანში, უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი BOEING 737-800, სარეგისტრაციო ნომრით PS752,  რომელიც თეირანი-კიევის მიმართულებით მიფრინავდა, აფრენიდან მალევე, თეირანის გარეუბანში ჩამოვარდა.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს იყო BOEING 737 MAX მოდელის თვითმფრინავი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ორჯერ ჩამოვარდა და რომლის წარმოებაც ავიამწარმოებელმა შეწყვიტა, თუმცა ეს ასე არ არის.

ჯერჯერობით არ არის კატასტროფის მიზეზები ცნობილი, თუმცა ავიაკატასტროფას რამდენიმე საათით წინ უძღოდა ირანის მიერ მეზობელ ერაყში ამერიკული სამხედრო ბაზების დაბომბვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი