,,რუმსი’’, ,,მგზავრები’’, ,,პანორამა’’ და სხვა – რატომ არის ბაკურიანში წყლის პრობლემა? 

ბაკურიანის სასტუმროებს  ,,რუმსს’’ ,,მგზავრებს’’ და ,,პანორამას’’, ასევე წაქაძისა და აღმაშენებლის ქუჩების ნაწილს რამდენიმე დღეა წყლის მიწოდების პრობლემა აქვს. 

 ამ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ადასტურებს და  4 იანვარს გავრცელებულ ცნობაში დასძენს, რომ ამჟამად ბაკურიანის მხოლოდ 70 % არის 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი.

“წყლის მიწოდების პრობლემა აქვთ სასტუმროებს ,,რუმსს’’ ,,მგზავრებს’’ და ,,პანორამას’’, ასევე წაქაძისა და აღმაშენებლის ქუჩების ნაწილს.  კერძოდ, სასტუმრო ,,მგზავრების’’ რამდენიმე კორპუსის წყალმომარაგება სტაბილურია, ხოლო კორპუსების მეორე ნაწილსა და სასტუმრო ,,პანორამას’’ წყლის მიწოდება შეზღუდული აქვთ საღამოს საათებში”, –  აცხადებს წყალმომარაგების კომპანია. 

კომპანიის ცნობით, პრობლემის აღმოსაფხვრელად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბრიგადები ამ დრომდე მუშაობენ და ადგილზე იმყოფება კომპანიის მენეჯმენტი, რომ მოხერხდეს წყლის დამატებითი მარაგის მოძიება პრობლემის აღმოსაფხვრელად:

“დღევანდელი სამუშაოების შედეგად, კომპანიის ტექნიკურმა ჯგუფმა წყლის მარაგის გაზრდის მიზნით, გარკვეულ მონაკვეთებზე ახალი მილი მოაწყო. პარალელურად, კომპანია ყველა იმ სასტუმროს, სადაც წყლის მიწოდება შეზღუდულია, ამარაგებს წყალმზიდების საშუალებით. პროცესში ჩართულია 112-ის მანქანები, რომელთა დახმარებით წყლის მიწოდება წყალმზიდებამდე წაღვერიდან და ბორჯომიდან ხორციელდბა. გარდა ამისა, სამაშველო მანქანები მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ შემკრები რეზერვუარის შესავსებად”. 

რატომ შეიქმნა ბაკურიანში წყლის პრობლემა

ბაკურიანში წყლის პრობლემა რამდენიმე დღეა  შეიქმნა და ამის გამო პრობლემები აქვთ სასტუმროებსაც, რომლებიც ტურისტების ნაწილმა დატოვა. 

პრობლემის მიზეზად  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბაკურიანის სწრაფ ზრდას ასახელებს: 

“გამომდინარე იქედან, რომ ტურისტული ობიექტების განაშენიანება ყოველწლიურად საკმაოდ სწრაფად იზრდება და სეზონის ყველაზე აქტიურ პერიოდში წყლის მოხმარება საკმაოდ მაღალია, არსებული მარაგი საკმარისი არ არის. აღნიშნულის შესახებ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას წინასწარ ქონდა კომუნიკაცია სასტუმროებთან და მოახდინა ინფორმირება სეზონის ყველაზე აქტიურ მონაკვეთში, წყლის მიწოდების შესაძლო შეზღუდვასთან დაკავშირებით.

ბაკურიანში ქსელის განვითარებისა და ახალი სისტემების მშენებლობის მეორე ეტაპის განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება, რაც საბოლოოდ აღმოფხვრის სეზონის აქტიურ პერიოდში წარმოქმნილ პრობლემებს”. 

კომპანია არ აკონკრეტებს  თარიღს, როდის დაიწყება ეს სამუშაოები და რამდენ ხანს გასტანს ან რატომ არ დაიწყო აქამდე. 

წყლის პრობლემა შეიქმნა საქართველოს მეორე სამთო კურორტ გუდაურშიც.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი