ახალი ამბებირეკლამა

საბაუნის ვატიკანის სახელმწიფო მდივანი ესტუმრა

30 დეკემბერი, 2019 • 987
საბაუნის ვატიკანის სახელმწიფო მდივანი ესტუმრა

29 დეკემბერს, სულხანსაბა ორბელიანის უნივერსიტეტს წმინდა საყდრის  სახელმწიფო მდივანი, კარდინალი პიეტრო პაროლინი ეწვია. საპატიო სტუმართან შეხვედრას ესწრებოდნენ საბაუნის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და ადმინისტრაციული პერსონალი.

ვატიკანის სახელმწიფო მდივანს მიესალმა უნივერსიტეტის დამფუძნებელი, ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, მეუფე ჯუზეპე პაზოტო, რომელმაც მოკლედ ისაუბრა უნივერსიტეტის როლზე და საქმიანობაზე. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ.

ვაჟა ვარდიძემ მისასალმებელ სიტყვაში მადლობა გადაუხადა სტუმარს მობრძანებისათვის და რეგიონში უნივერსიტეტის მნიშვნელობასა და მისიაზე ისაუბრა:

ჩვენი უნივერსიტეტი ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების საქმეში, სწორედ ქართული და ევროპული აკადემიური სივრცეების დაახლოებითა და ამ ქვეყნისთვის კათოლიკე ეკლესიის საუნივერსიტეტო გამოცდილების შუამდგომლობით“.

ქრისტიანულ კონფესიათა შორის ურთიერთობაზე და ამ დიალოგში საბაუნის როლზე გაამახვილა ყურადღება მისასალმებელ სიტყვაში ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. გოჩა ბარნოვმა.

კარდინალმა მადლიერება გამოთქვა მოწვევისათვის და მისასალმებელ სიტყვაში  უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ამ უნივერსიტეტმა (საბაუნიმ) უნდა გააგრძელოს დამაკავშირებელი ხიდის ფუნქცია კულტურათა შორის დიალოგში“ – დასძინა წმ. საყდრის სახელმწიფო მდივანმა და მსმენელებს პაპი ფრანცისკეს საშობაო მილოცვა და კურთხევა გადასცა.

დასასრულს უნივერსიტეტის რექტორმა და წმ. საყდრის სახელმწიფო მდივანმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს. შეხვედრის მსვლელობისას საბაუნის ფოლკლორულმა გუნდმა შეასრულა ტრადიციული ქართული საშობაო საგალობელი. 

ვატიკანის სახელმწიფო მდივანი საქართველოს რამდენიმედღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. ის შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი