სომალის დედაქალაქ მოგადიშოში აფეთქებას, სულ მცირე, 76 ადამიანი ემსხვერპლა.
აფეთქება 28 დეკემბრის დილას, პიკის საათში ერთ-ერთ ბლოკპოსტზე მოხდა, რომელიც ქალაქიდან გასასვლელს აკონტროლებს. „ბიბისის“ (BBC) ცნობით, იქ სამანქანო ნაღმი აფეთქდა.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის აუღია, თუმცა „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) წერს, რომ ალ-ქაიდასთან აფილირებული ალ-შაშაბი ხშირად უტევს ხოლმე სახელმწიფო დაწესებულებებს მთელს ქვეყანაში.
მოგადიშოს მთავარი, აამინის საავადმყოფოს დირექტორმა აბდულკადირ ადანმა განაცხადა, რომ 76 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო კიდევ მრავალი დაიჭრა.
მთავრობის პრეს-სპიკერის ისმაილ მუხთარის თქმით, გარდაცვლილთა შორის სტუდენტები და პოლიციელები არიან.