პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ ცხინვალის ციხის დატოვებას და აცხადებს:
„დამდეგ ახალი წლის მოლოდინი გაგვიმართლდა და მეტად სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა! ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებას ყველას გილოცავთ, ვულოცავ მის ოჯახს და ახლობლებს და სრულიად საქართველოს! მომავლის იმედიც გაგვიძლიერდა!“.
პატიმრობიდან გამოშვებულმა ვაჟა გაფრინდაშვილმა გორში ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა: მადლობა გადაუხადა ყველას მხარდაჭერისთვის და ჩართულობისთვის, თქვა, რომ კარგად არის და დასვენების საშუალება ითხოვა:
„ნება მომეცით, ცოტა დავისვენო, დავწყანრდე და მერე ყველას ყველანაირ ინფორმაციას მოგაწვდით“.
მანამდე სუს-მა გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც გორის პოლიციაში მყოფი გაფრინდაშვილი ამბობს:
“არც ველოდი, რომ დღეს ესე მოხდებოდა. გუშინ მომცეს ინფორმაცია, რომ 31-ში იყო სააპელაციო სასამართლო, რომელზეც, მართალი გითხრათ, თავს ვიკავებდი. ალბათ ემოციებით ვარ დატვირთული და ცოტა ძნელია.. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი ეს სიტუაცია, პირველ რიგში მთავრობა იქნება, პარლამენტი, პოლიცია, უშიშროება”.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა ცხინვალის საპატიმრო დატოვა და იგი უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ცნობა, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 27 დეკემბერს ხელი მოაწერა ბრძანებას ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის შეწყალების თაობაზე. დოკუმენტი დე ფაქტო პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნდა.
რუსმა სამხედროებმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. 20 დეკემბერს მას ცხინვალის სასამართლომ ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა საზღვრის კვეთის ბრალდებით.
