ახალი ამბები

ერდოღანმა პირველი თურქული ელექტრომობილის პროტოტიპი წარადგინა

27 დეკემბერი, 2019 • 2054
ერდოღანმა პირველი თურქული ელექტრომობილის პროტოტიპი წარადგინა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა დღეს, 26 ნოემბერს, პირველი თურქული ელექტრომობილის პროტოტიპის პრეზენტაცია გამართა.

“როცა გვექნება საკუთარი თავის რწმენა, არ არსებობს წინაღობა, რომელსაც ვერ გადავლახავთ”, – ერდოღანმა ფეისბუკზე ამ წარწერით გამოაქვეყნა ახალ მანქანასთან გადაღებული ფოტო. ჯერჯერობით ელექტროავტომობილის 2 პროტოტიპია შექმნილი – წითელი და თეთრი, რაც თურქეთის დროშის ფერებს იმეორებს.

პირველი თურქული ელექტრომობილის თეთრი პროტოტიპი.

როგორც თურქული გამოცემა Hurriyet Daily წერს, ერდოღანმა ავტომობილის შემქმნელები შეაქო და მასშტაბური წარმოებაც დააანონსა.

“დღეს ჩვენ თურქეთის 60-წლიანი ოცნების ახდენის მოწმენი ვართ. ჩვენი ოცნება იყო, რომ ეროვნული ტექნოლოგიებით შეგვექმნა ავტომობილი, რომელიც მოსფლიოში გაგვითქვამდა სახელს. ჩვენ ვეძებდით “მამაც გულებს”, რომლებიც ამას შეძლებდნენ და ჩვენ ეს შევძელით”, – თქვა ერდოთანმა ელექტრომობილის პროტოტიპის პრეზენტაციაზე.

Hurriyet Daily-ის ცნობით, თურქეთმა პირველი ავტომობილის წარმოება 1961 წელს სცადა, თუმცა პროტოტიპის შექმნის იქით საქმე წინ არ წასულა.

პრეზენტაციაზე ერდოღანმა თქვა, რომ ის იქნება პირველი ადამიანი, რომელიც თურქულ ელექტრომობილზე პირველ შეკვეთას მისცემს.

მომდევნო 15 წელიწადში თურქეთი 3.7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს ელექტროავტომობილის წარმოებაში, ქარხანა კი ბურსაში, მილიონ კვადრატულ მეტრზე აშენდება, სადაც 4 ათასზე მეტი ადამიანის დასაქმება იგეგმება.

როგორც Hurriyet Daily წერს, პირველი ელექტრომობილი ბაზარზე 2022 წელს გამოვა და ერთი დატენვით 500 კილომეტრის გავლა იქნება შესაძლებელი, ხოლო 30 წუთში ავტომობილის 80%-ით დატენვა იქნება შესაძლებელი.

პირველ თურქულ ელექტრომობილს 2 ტიპის ძრავით გამოუშვებენ – 200 და 400 ცხენის ძალის სიმძლავრით. იგეგმება 5 სხვადასხვა მოდელის ავტომობილის გამოშვება, წელიწადში კი 175 000 ერთეულის გამოშვებას გეგმავენ.

მთავარი ფოტო: ერდოღანი ელექტრომობილის წითელ პროტოტიპთან

მასალების გადაბეჭდვის წესი