ახალი ამბები

აქტივისტებმა “კავკასიასთან” შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება გააპროტესტეს

26 დეკემბერი, 2019 • 1254
აქტივისტებმა “კავკასიასთან” შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება გააპროტესტეს

მოძრაობა “სირცხვილიას” წევრებმა ტელეკომპანია “კავკასიასთან” აქცია გამართეს და შემოსავლების სამსახურის მიერ ტელევიზიის ანგარიშზე ინკასოს დადება გააპროტესტეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილი გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ “ტვ პირველისა” და “კავკასიის” ანგარიშებისთვის ინკასოს დადებით ხელისუფლება თავისუფალ მედიაზე ზეწოლას ცდილობს.

“ძალიან მარტივად დასანახია “ქართული ოცნების” ხელწერა. ხელისუფლებას არ მოსწონს კრიტიკულად განწყობილი თავისუფალი მედია. თითზე ჩამოსათვლელი მედია დაგვრჩა, რომელსაც ვერ აკონტროლებს, მათ შორის ერთ-ერთი “კავკასიაა”, რომელსაც ძალიან უსამართლოდ ექცევა. სწორედ ამიტომ მოვედით აქ, შემდეგ უკვე “ტვ პირველთან” გადავინაცვლებთ”, – აცხადებს მაქარაშვილი.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია შემოსავლების სამსახურის ამ გადაწყვეტილებას “მედიების მოხრჩობად” აფასებს:

“ძალიან კარგად გვესმის, რომ ფინანსური დავალიანების საკითხი არ არის. ეს მედიების მოხრჩობის გზაა. მათ შორის- “კავკასიის”. ეს იყო ძალიან სწრაფი პირველი რეაქცია. ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ “კავკასიასთან” ერთად იმისთვის, რომ ეს ტელევიზია არ დაიხუროს. იგივე პრობლემა აქვს ტვ პირველსაც. მათდამი სოლიდარულებიც ვართ და მათ გვერდში ვიქნებით”,-აცხადებს ელენე ხოშტარია.

ტელეკომპანიის დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი კითხულობს, რატომ არ გამოიყენა შემოსავლების სამსახურმა იგივე ღონისძიება “იმედისა” და “მაესტროს” მიმართ, რომლებსაც მისი თქმით, ბიუჯეტის წინაშე ათეულობით მილიონიანი დავალიანება აქვთ.

“გავუძლებთ, ბნელი 90-იანი წლების პირმშოები ვართ და უარესებისთვის გაგვიძლია. მაგრამ მთავარ კითხვაზე არავინ მცემს პასუხს. რატომ არ ადევს ინკასო “იმედისა” და “მაესტროს” ანგარიშებს, რომლებსაც ბიუჯეტის მინიმუმ 27- მილიონიანი დავალიანება აქვთ. ეს არის კრიტიკულ მედიასთან ანგარიშსწორება და “რუსთავი 2″ მოგვაყოლეს, როგორც ალიბი. მხოლოდ კრიტიკულ მედიას კი არა, ჩვენებსაც ვერჩითო”,-ამბობს ჯანგირაშვილი.

შემოსავლების სამსახურში არ ამბობენ, კონკრეტულად რომელი ტელევიზიების ანგარიშებს დაედო ინკასო. აქედან გამომდინარე, უცნობია, მათ შორის არის თუ არა “იმედი”.

გუშინ, 25 დეკემბერს, შემოსავლების სამსახურმა ტელეკომპანიების: ტვ პირველის, კვაკასიისა და რუსთავი 2-ის ანგარიშებს ინკასო დაედო. მანამდე ფინანასთა სამინისტრომ ტელეკომპანიებს მიმდინარე დავალიანების  ანუ 1 ოქტომბრიდან მოყოლებული დავალიანებების გადასხადელად 1-დღიანი ვადა მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი