ახალი ამბები

ნოემბრიდან ჯარიმები ₾28 500-ს აღწევს — „სირცხვილია“

25 დეკემბერი, 2019 • 1150
ნოემბრიდან ჯარიმები ₾28 500-ს აღწევს — „სირცხვილია“

მოძრაობა „სირცხვილია“ („ქვეყნის სამსახურში“) აცხადებს, რომ 18 ნოემბერს პარლამენტის პიკეტირებისას დაწყებული დაკავებებიდან დღემდე აქტივისტების ჯარიმებმა, ჯამში, 28500 ლარი შეადგინა.

ამის შესახებ საუბარია მოძრაობის 25 დეკემბრით დათარიღებულ განცხადებაში. ისინი წერენ, რომ ხელისუფლება აგრძელებს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების დაკავებას, „ხელისუფლების მიერ მართული მოსამართლეები კი, აქტივისტების საპატიმროებში მოთავსებასა და დაჯარიმებას“.

განცხადების თანახმადვე, ძირითად შემთხვევაში მოსამართლეები არაპროპორციულ ჯარიმებს აკისრებენ დაკავებულებს — 2500, 2000 და 1500 ლარს.

მოძროაბის თანახმად, ამ თანხის გადახდას აქტივისტებს აკისრებენ მტკიცებულებების გარეშე, პოლიციის მიერვე მიცემული ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების საფუძველზე.

„საქართველოს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 92%-ზე მეტის ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარი ან ნაკლებია, ჯარიმების არაპროპორციული ოდენობა კი ემსახურება ერთადერთ მიზანს – სამართლებრივი ბერკეტისა და სასამართლოს ბოროტად გამოყენებით, აქტივისტებზე ფინანსური ზეწოლის მოხდენას“, – წერენ ისინი.

განცხადების თანახმადვე, „ჯარიმები არ არის ის ერთადერთი საშუალება მოძრაობა სირცხვილიასა და ზოგადად აქტივისტებზე ეკონომიკური ზეწოლისთვის – 26 ნოემბერს, აქციაზე დაგეგმილი პიკეტირების ხელის შეშლის მიზნით, სამართალდამცავებმა აქტივისტებს ჩამოართვეს წინა დღეებში ნაყიდი შეშა, კასრები და სხვა უსაფრთხო საგნები, რაც მშვიდობიანი აქციის ორგანიზებისთვის მოძრაობა „სირცხვილიამ“ შეიძინა. რა თქმა უნდა, ჩამორთმეული საკუთრება მოძრაობისთვის არ დაუბრუნებიათ“.

„ხელისუფლების ქმედებებიდან ცხადი ხდება, თუ როგორ ცდილობს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით დაუპირისპირდეს პროტესტს; დაპატიმრებებითა და მათზე ეკონომიკური ზეწოლით შეაშინოს აქტივისტები. მოვუწოდებთ სახელმწიფოს, პატივი სცეს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების ნებას, გამოხატვის თავისუფლებასა და მანიფესტაციის უფლებას, შეწყვიტოს კრიტიკული აზრის დევნა, რადგან პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ ჩვენი საზოგადოება არ მიიღებს პროპორციულ არჩევნებს“, – აცხადებს მოძრაობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი