ახალი ამბები

რას წარმოადგენს ჩრდილოეთის ნაკადი 2 და რატომ დააწესა სანქციები ვაშინგტონმა

24 დეკემბერი, 2019 • 3478
რას წარმოადგენს ჩრდილოეთის ნაკადი 2 და რატომ დააწესა სანქციები ვაშინგტონმა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთ-გერმანიის პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს. სანქციები შტატების მხრიდან დაუწესდა ნებისმიერ კომპანიას, რომელიც რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს“ მილსადენის მშენებლობაში დაეხმარება. გარდა ამისა, სანქციები ეხება „თურქეთის ნაკადს“ – რუსეთ-თურქეთის ერთობლივ მილსადენს.

რას წარმოადგენს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“?

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არის მილსადენი, რომლითაც წელიწადში 55 მილიარდი კუბომეტრი რუსული ბუნებრივი აირი ევროპაში უნდა გავიდეს. მარშრუტი იწყება რუსეთის ქალაქ უსტ-ლუგადან, ხოლო მთავრდება გერმანიის ქალაქ გრაიფსვალდში.

რატომ შენდება „ჩრდილოეთის ნაკადი 2“?

ამგვარად „გაპზრომს“ სურს, ევროპას ბუნებრივი აირი უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტის გარეშე მიაწოდოს. რუსეთი კვლავაც გამოიყენებს უკრაინის ტერიტორიას ტრანზიტისთვის, თუმცა ახალი მილსადენით მკვეთრად შეამცირებს ტრანზიტის მასშტაბებსა და უკრაინაზე დამოკიდებულებას. ახლახან, „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრისას, უკრაინამ და რუსეთმა მიაღწიეს შეთანხმებას გაზის ტრანზიტზე – ხელშეკრულება ხუთი წლის ვადით გაფორმდა, თუმცა ტრანზიტის მასშტაბები შემცირდა.

რატომ დააწესა აშშ-მა სანქციები?

აშშ-ის კონგრესის ორივე პარტიაში – დემოკრატიულში და რესპუბლიკურში- პროექტს ეწინააღმდეგებიან, რადგანაც მიიჩნევენ, რომ მილსადენი ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენს. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „გაზპრომის“ კუთვნილმა მილსადენმა შეიძლება გერმანია „რუსეთის მძევლად“ აქციოს.

BBC-ის ცნობით, ვაშინგტონი შიშობს, რომ მილსადენი გაზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსეთზე და ამასთან ერთად, შეამცირებს ბაზარზე ამერიკული თხევადი გაზის წილს.

რას ფიქრობენ ევროპის ქვეყნები, რუსეთი და გერმანია?

პროექტი საკმაოდ საკამათო იყო ევროკავშირის ქვეყნებშიც – როგორც BBC წერს, უთანხმოება ქვეყნებს შორის იმდენად დიდი იყო, რომ პროექტის მთლიანად შეჩერების მუქარასაც კი ჰქონდა ადგილი, თუმცა, საბოლოო ჯამში, პროექტის უფრო მკაცრად რეგულირებაზე შეჯერდნენ.

თუმცა, BBC-ის მიხედვითვე, ევროკავშირში არ მიესალმებიან საქნციებს – „პრინციპის საქმეა: ევროკავშირი ეწინააღმდეგება სანქციებს ევროკავშირის ლეგიტიმური ბიზნესით დაკავებული კომპანიების წინააღმდეგ“, – განაცხადა კავშირის სავაჭრო ბლოკის პრეს-სპიკერმა.

სანქციები დაგმეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ხოლო უწყების პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ აშშ გლობალური კონკურენციის ხელის შეშლის „იდეოლოგიის“ გავრცელებაში დაადანაშაულა.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს სანქციებს მილსადენის წინააღმდეგ, ხოლო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ სანქციები „ჩარევაა ევროპაში მიღებულ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებში“.

ჰქონდა თუ არა სანქციებს ეფექტი?

Allseas-მა, შვეიცარიულ-ნიდერლანდურმა კომპანიამ განაცხადა, რომ პროექტზე მუშაობა შეაჩერა, თუმცა, კონსორციუმმა განაცხადა, რომ მიუხედავად სანქციებისა, მილსადენის მშენებლობაში მონაწილეობას მაინც არ შეწყვეტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი