ახალი ამბები

აშშ საქართველოსთვის საფინანსო დახმარებას ზრდის

24 დეკემბერი, 2019 • 1614
აშშ საქართველოსთვის საფინანსო დახმარებას ზრდის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ დამტკიცებულ ასიგნებათა კონსოლიდირებულ აქტს 2020 ფისკალური წლისთვის.

აღნიშნული კანონი სხვა საკითხებთან ერთად განსაზღვრავს აშშ-ის პრიორიტეტებს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერისა და დახმარების კუთხით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის ფისკალური წლის კანონში საქართველოსთვის განკუთვნილი თანხა მნიშვნელოვნად გაზრდილია და არანაკლებ 132 025 000 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს წარმოადგენს. (2019 წელს საქართველოსთვის გათვალისწინებული იყო $127 025 000).

საქართველოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების ზრდის გარდა, კანონი შეიცავს ჩანაწერს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით. კერძოდ, ნათქვამია, რომ ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა. აგრეთვე, ხსენებული კანონით გამოყოფილი რამე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.

ასიგნებათა კონსოლიდირებული აქტი შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტს მოუწოდებს, შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს 
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ-ის აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ მხარი არ დაუჭირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებას (სესხის, კრედიტისა და გარანტიის ჩათვლით), რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი