ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალის პოლიტიკური კრიზისი

24 დეკემბერი, 2019 • 2804
ცხინვალის პოლიტიკური კრიზისი

ავტორი: მურატ გუკემუხოვი, ჟურნალისტი, ცხინვალი


სამხრეთ ოსეთში  უნიკალური პოლიტიკური სიტუაციის ჩამოყალიბებას ექსპერტთა ერთი ნაწილი უკავშირებს მმართველობის კრიზისს, რომელიც გამოწვეულია მოსკოველი კურატორების მცდელობებით, შიდა პროცესები საკუთარი გემოვნებით მართონ.

მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ კრიზისს იწვევს საზოგადოების განწყობა  – არ მიიღოს თავსმოხვეული მართვის მოდელი, და იმედს გამოთქვამს, რომ ეს კრიზისი, საბოლოო ჯამში, შიდაპოლიტიკური ცხოვრების განახლებასა და ნორმალიზაციას შეუწყობს ხელს.

ხელისუფლების კრიზისის ათვლის წერტილად შეიძლება მივიჩნიოთ საპარლამენტო არჩევნების პროცესი. ჯერ კიდევ კანდიდატთა რეგისტრაციის დროს ხელისუფლებამ დაიწყო მისთვის არასასურველი კანდიდატ კონკურენტების ხისტი გადარჩევა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომიტეტმა ყველა “გადაარჩია”, ვინც კი რეალური კონკურენცია გაუწია საპრეზიდენტო პარტია “ერთიანი ოსეთს”. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვისადმი დაქვემდებარებული უზენაესი სასამართლო კი ავტომატურად ამტკიცებდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებს.

მთელი ეს პროცესი რუსი კურატორების ზედამხვედველობით მიმიდინარეობდა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის წარმომადგენელი, ალექსეი ფილატოვი პირადად კურირებდა წინასაარჩევნო პროცესს. კენჭისყრამდე კი ჯავაში, ლავრენტი ბერიას აგარაკზე გადასახლდა და საარჩევნო პროცესს იქიდან აკონტროლებდა.

გაუგებარია, რაში დასჭირდა მოსკოვს მსგავსი ჩარევა ტერიტორიაზე, სადაც ყველა პოლიტიკური ძალა ისედაც რუსულია? რატომ დასჭირდა საკუთარი მხარდამჭერების ერთი ნაწილის განაწყენება მეორე მხარდამჭერის სასარგებლოდ? რატომ დასჭირდა საზოგადოების უკმაყოფილების პროვოცირება?

მოსკოველი ექსპერტებისგან მსმენია, რომ საქმე გვაქვს გარკვეულ “იმპერიულ თამაშთან”, რომელიც გულისხმობს მონაწილეობის გარეშე შეჯიბრზე დაკვირვებას. ასეთ შემთხვევაში კი, რა გამოდის? – მოსკოვის ნების გათვალისწინების გარეშე მოხდა არჩევა?

ასეა თუ ისე, ბიბილოვმა ბრწყინვალედ ჩააბარა გამოცდა, მეტროპოლიის სურვილი საკუთარი ტერიტორიების ინტერესებზე მაღლა დაეყენებინა.

მან სამხრეთ ოსეთის ნაციონალურ იდეად რუსეთის შემადგენლობაში შესვლა გაახმიანა, იქამდე კი – რაც შეიძლება მჭიდრო ინტეგრაცია რუსეთთან. ეს კურსი საკუთარ პოლიტიკურ ნებაზე უარს ითვალისწინებს.

კრემლის თხოვნით მანვე გააუქმა არმია, რასაც აქტიურად ეწინააღმდეგებოდა კოკოითი, თიბილოვი კი ჩუმ საბოტაჟს უწყობდა ხელს. შედეგად, მამაკაცების თითქმის 15% უსამსახუროდ დარჩა.

შსს-ს საკოორდინაციო ცენტრის შექმნით რუსული პოლიციის მიერ ჩატარებულ ყველა ოპერაციას ფაქტიურად მიანიჭა ლეგალური სტატუსი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.

თიბილოვთან ერთად უკრაინისგან გამოყოფილი მხარეების დამოუკიდებლობა აღიარა და შექმნა ოფშორი, რომლის მეშვეობითაც რუსეთი დონბასისა და ყირიმის თვითაღიარებულ რესპუბლიკებს აფინანსებს და დონბასი საკუთარ ქვანახშირს ევროპასა და თურქეთში ყიდის.

შედარებისთვის: აფხაზეთი, რომელიც დამოუკიდებელ მომავალზე ოცნებობს, კრემლის ზეწოლის ქვეშ არ მოექცა და დონბასის სუვერენიტეტი არ უღიარებია.

ამიტომაც, სრულიად გასაგებია, რომ მოსკოვის არჩევანი ანატოლი ბიბილოვის სასარგებლოდ წინასწარ განსაზღვრული იყო.

იმ კანდიდატებს, რომლებსაც ადგილობრივი გავლენიანი ჯგუფები მხარს უჭერდნენ, ანდა პოტენციურად მხარს დაუჭერდნენ, არჩევნებზე რეგისტრაციაზე უარს ეუბნებოდნენ. ცალკე ავლენდნენ კანდიდატებს, ვინც ანატოლი ბიბილოვის ნომერ პირველ მტერთან, ედუარდ კოკოითისთან კავშირში შეიძლებოდა ყოფილიყო.

ასევე, რეგისტრაციაზე უარს ეუბნებოდნენ, უბრალოდ, ქარიზმატულ და რესპუბლიკაში ავტორიტეტულ ადამიანებსაც, რომელთა ფონზეც “ერთიანი ოსეთის” კანდიდატები უსახურად გამოიყურებოდნენ.

შედეგად, მაჟორიტარობის კანდიდატების ნახევარზე მეტს რეგისტრაციის ეტაპზევე უთხრეს უარი. რაც შეეხება პარტიული სიებით არჩევნებს, რომელსაც ხელისუფლებაში ოპოზიციონერთა მოყვანა შეეძლო, რეგისტრაციის უფლება არც ახალ პარტიებს მისცეს.

საპარლამენტო “სახალხო პარტიისთვის”, რომელიც ედუარდ კოკოითის პატრონაჟით იქმნებოდა, კანონით შეუძლებელი იყო არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა, თუმცა მისი ლიდერები მაინც აიძულეს საჯაროდ გამიჯნულიყვნენ წინამძღოლს.

ამ ვაკხანალიამ სამხრეთ ოსეთის საზოგადოებაში ბიბილოვის მიმართ ღია სიძულვილი გამოიწვია. ადგილობრივი ექსპერტები ამბობდნენ: “ბიბილოვმა ერთ თვეში მოასწრო საკუთარი თავის წინააღმდეგ ყველას ამხედრება. შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე მას შანსი არ აქვს!”.

საქმე ის არის, რომ  მთელი პოსტსაბჭოთა პერიოდის განმავლობაში სამხრეთ ოსეთში ავტორიტარული რეჟიმი პარადოქსულად იყო შეერწყმული რეალურად არსებულ საარჩევნო უფლებასთან.

ამასთან, უნდა ვაღიაროთ, რომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ყოველთვის ზრდიდა პოლიტიკურ დაძაბულობას, მაგრამ მაშინ ამომრჩეველს ეჭვი არ ეპარებოდა არჩევნების შედეგების ჭეშმარიტებაში. ყოველ ჯერზე კანდიდატები ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ ადმინისტრაციული რესურსისა და უკანონო ქმედებების გამოყენებაში, თუმცა, ამასთან, აღიარებდნენ, რომ შედეგები ამომრჩევლის ნებას შეესაბამება.

ამის ერთ-ერთი დასტური იყო ხელისუფლების რეგულარული ცვლა.

2019 წლის საპარლამენტო არჩევნები პირველია, როდესაც ხელისუფლებამ ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა, საარჩევნო კამპანიის შედეგები კი გაურკვეველი დატოვა როგორც ამომრჩევლისთვის, ასევე, კანდიდატებისა და პარტიებისთვის.

პირველი სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატს, რესპუბლიკის უძველესი პარტია “მამულის” თავმჯდომარეს, ვიაჩესლავ გობოზოვს აქამდე არასოდეს დაუყენებია ეჭვქვეშ საკუთარი დამარცხება. მაგალითად, 2014 წელს არჩევნებში დამარცხება მან ასე დაასაბუთა: “ჩემი ამომრჩეველი საარჩევნო ყუთებთან არ მოვიდა”.

2019 წელს კი გობოზოვმა განაცხადა, რომ დარღვევები იმდენად მასშტაბური იყო, წარმოუდგენელია განსაზღვრო, როგორ ნაწილდებოდა პარტიის პირველ ხუთეულში ადგილები.

ამავე დროს, ადგილობრივი გავლენიანი ჯგუფების პატრონაჟის გარეშე [პროპრეზიდენტული “ერთიანი ოსეთის” წარმომადგენლების გარდა] მოხვედრილი ყველა დეპუტატი საკუთარ თავსა და ინტერესებს წარმოადგენს. მათ უკან არ დგანან რუხი კარდინალები ანდა ისეთი გავლენიანი ჯგუფები, რომელთა ნება წარმოდგენილი იქნებოდა საკანონმდებლო ორგანოში – ასეთი რუხი კარდინალები ბიბილოვმა და ფილატოვმა [მოსკოვის კურატორმა] უკვე ჩამოაშორეს თამაშს.

საბოლოო ჯამში, მათ მიიღეს დეპუტატები, რომლებიც თავისუფალი არიან რაიმე ვალდებულებებისგან. მათი მთავარი საზრუნავი მხოლოდ ისაა, ამომრჩეველთა თვალში საკუთარ რეპუტაციაზე იფიქრონ, ვინაიდან ახლა მხოლოდ ამომრჩეველზეა დამოკიდებული მათი პოლიტიკური მომავალი და არა კონკრეტულ “პატრონზე”.

რა თქმა უნდა, მათგან ზოგიერთმა ვერ გაუძლო ცდუნებას, პრეზიდენტის კურსს მხარი დაუჭირა და მის პარტიასთან თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოთქვა.

მაშინ არც ისე ფართო ოსურ საზოგადოებაში ბევრი საუბრობდა იმის შესახებ, თუ რომელ დეპუტატს გადაუხადეს პრეზიდენტისადმი ლოიალობისთვის.

თუმცა დრომ აჩვენა, რომ ამჟამად ეს დეპუტატები თავსაც არ იღლიან, პრეზიდენტისადმი მადლიერება გამოხატონ. უფრო- პირიქით.

მცირე უთანხმოებები, ბოლოს და ბოლოს, დიდ სკანდალამდე მივიდა. 2 ოქტომბერს, გვიან საღამოს, იუსტიციის მინისტრი ზალინა ლალიევა განსაკუთრებული დანიშნულების მილიციის ორი მებრძოლისა და პროკურატურის წარმომადგენლების თანხლებით გამოსასწორებელ კოლონიაში მივიდა, სადაც პატიმრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ასეთი რეაქცია ჰქონდა ხელისუფლებას პატიმართა შიმშილობაზე, რომელიც თან მოჰყვა მათი პირობების გაუარესებას[სეირნობის დროის შემცირება ციხის ეზოში და ახლობლებისგან ამანათების რაოდენობის შეზღუდვა].

შესაბამისად, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა, ოცი დეპუტატი, ინიციატივით გამოვიდა, პატიმრების ცემაზე პასუხისმგებელ ჩინოვნიკებისთვის [იუსტიციის მინისტრი, ზალინა ლალიევა და შს მინისტრი იგორ ნანიევი] უნდობლობა გამოეცხადებინათ.
აღნიშნული საკითხის განხილვამ საკანონმდებლო ორგანოში მწვავე დაპირისპირება გამოიწვია როგორც პარლამენტის ხელმძღვანელობის, ასევე, პრეზიდენტის მხრიდან, რომლებიც დიდი ძალისხმევით იცავნდნენ მინისტრებს.

ყოფილი დესანტი ანატოლი ბიბილოვი, ზოგადად, უკიდურესად მგრძნობიარეა ნებისმიერი შენიშვნის, მით უმეტეს, მოთხოვნების მიმართ. მას არ უყვარს დათმობაზე წასვლა და ვერ ხედავს მოლაპარაკებების წარმოების მიზეზებს. თუმცა საპრეზიდენტო ვადის ორი წლის განმავლობაში, ანუ მაშინ, როდესაც მისი პარტია პარლამენტში ნახევარზე მეტ მანდატს ფლობდა, მსგავსი განწყობები არ ჰქონია. ახლა კი, როდესაც “ერთიან ოსეთს” აღარ გააჩნია პარლამენტში “საკონტროლო პაკეტი” და მუდმივად უწევს დეპუტატებთან მოლაპარაკებების წარმოება, ეს ეწინააღმდეგება მის სურვილს, იყოს ლიდერი.

ბიბილოვის მთელი გარემოცვა, ყველა სახელისუფლებო მედია, მხედართმთავრის ხატის შექმნაზე მუშაობს – ძლიერი, ბრძენი, სამართლიანი [აქ აშკარად პუტინის მიბაძვა ხდება]. მაგრამ დეპუტეტებს ახალი სარდლები არ სჭირდებათ, მათ უკვე იგემეს თავისუფალი ცხოვრება. სწორედ ამ წინააღმდგობიდან დაიწყო ღია კონფლიქტი, ერთი მხრივ, საპარლამენტო “ოცეულსა” და, მეორე მხრივ, პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტში პრეზიდენტის ხალხს შორის.

სამხრეთ ოსეთის რეგულაციებით, 12-ზე მეტმა დეპუტატმა უნდა მიმართოს სპიკერს რაიმე საკანონმდებლო ინიციატივით და ის ვალდებულია რიგგარეშე საპარლამენტო სესია მოიწვიოს.

ნაცვლად ამისა, სპიკერი და “ერთიანი ოსეთის” წევრი ალან ტათდაევი, კანონისა და რეგლამენტის დარღვევით, ორ თვეზე მეტხანს სხვადასხვა საბაბით ბლოკავდა ამ საკითხის განხილვას.

ორი თვის განმავლობაში დეპუტატების ოცეული საზოგადოების თვალში უპრეცედენტო ზეწოლისა და შანტაჟის ადრესატი გახდა. სათითაოდ იბარებდნენ პრეზიდენტთან “სასაუბროდ”.

ნდობის ვოტუმი მაინც იყო გამოტანილი საპარლამენტო განხილვაზე, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოციდან ოთხი დეპუტატი “გატეხეს”, მათ კი, ვინც დარჩნენ და კვლავ ითხოვდნენ მინისტრების გადადგომას, ვეღარ შეაგროვეს უმრავლესობა. შესაბამისად, უნდობლობის გამოცხადება ვერ შეძლეს.
პრეზიდენტის მომხრეებმა იჩქარეს და საკუთარი გამარჯვება გამოაცხადეს, მაგრამ ცხადია, რომ ბიბილოვი და მისი გუნდი, მათთან ერთად ამ კონსტრუქციის არქიტექტორები, რუსი კურატორები, ყველა სასტიკად დამარცხდა.

როგორც ამასთან დაკავშირებით ედუარდ კოკოითიმ განაცხადა: “ხელისუფლების არაკომპეტენტურობამ რესპუბლიკაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია”.

გამარჯვება წარმატების სინონომია და გამარჯვებული გამოვიდა მხოლოდ ის 16 [20-დან] პარლამენტარი, რომელიც საკუთარ აზრზე ბოლომდე დარჩა. ისინი არიან დღევანდელი დღის გმირები. მათი მთავარი პოლიტიკური გამარჯვება საზოგადოების პატივისცემაა, რაც მაღალ რეიტინგს ნიშნავს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: ამ დეპუტატებმა შექმნებს პირველი გაერთიანება [კოალიცია]. ამ კოალიციის გარეშე, მინიმუმ ვერ შედგება ქვორუმი. ყველაფერი ეს პოლიტიკური სეზონის დასაწყისში მოხდა – სადეპუტატო ვადის მეშვიდე თვეს.

რა მოიპოვეს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და მოსკოველმა კურატორებმა? არაფერი. ისინი დისკრედიტირებული არიან საზოგდოების თვალში. საკმაოდ იაფფასიანი მეთოდები იყო გამოყენებული მიზნის მისაღწევად.

ასეთია შუალედური შედეგი. დღეს რთულია იმის პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ პოლიტიკური სეზონის გარკვეულ შედეგებზე საუბარი შეიძლება.

საზოგადოებრივმა აზრმა ცალსახად აჩვენა, რომ კანონმდებლებსა და მინისტრებს შორის “ნაყოფიერ თანამშრომლობას”  პარლამენტი ურჩევნია, ოპოზიცია  კი- აღმასრულებელ ხელისუფლებას. დაუსრულებელი დემოკრატიის პირობებში, ეს ძალთა ბალანსი აშკარად ამარტივებს ადამიანების ცხოვრებას – მათ რჩებათ რაღაცის იმედი. ეს განწყობები, თავის მხრივ, აზრს სძენს სადეპუტატო კორპუსის მუშაობას.

მოსკოველი კურატორების ჩარევა შიდაპოლიტიკურ პროცესებში რესპუბლიკაში ერთ-ერთ მთავარ გამაღიზიანებლად რჩება. ყველაფერი, რასაც კი ისინი ეხებიან, ლეგიტიმურობას კარგავს საზოგადოების თვალში და გაღიზიანებას იწვევს.

ამ მიზეზით წინა წელს ნდობა დაკარგეს ისეთმა ინსიტუტებმა, როგორიცაა ცენტრალური საარჩევნო კომიტეტი, უზენაესი სასამართლო, იუსტიციის სამინისტრო. ანატოლი ბიბილოვის ავტორიტეტი კი ასეთი დაბალი ჯერ არ ყოფილა. მოკლედ რომ ვთქვათ, მოქალაქეები პატივისცემას მოითხოვენ. ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს კარგი სასტარტო პოზიციაა შემდეგი პოლიტიკური სეზონის დასაწყებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი