ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანმა “გარდიანის” ჟურნალისტი ქვეყანაში არ შეუშვა

12 ივნისი, 2015 •
აზერბაიჯანმა “გარდიანის” ჟურნალისტი ქვეყანაში არ შეუშვა

გარდიანის ცნობით, გამოცემის სპორტის მთავარ ჟურნალისტ ოუენ გიბსონს ბაქოს ევროპული ოლიმპიური თამაშების გაშუქება სურდა. მან აკრედიტაციისთვის მოთხოვნა 2015 წლის იანვარში, განაცხადების მიღების დაწყებისთანავე, გააგზავნა.

 

გამოცემის ცნობით, ფრენის ბილეთები უკვე დაჯავშნილი იყო და ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებს მედიის აკრედიტაცია უკვე გაცემული ჰქონდათ.

 

5 ივნისს ორგანიზატორების მხრიდან გიბსონს უკვე ჰქონდა აკრედიტაცია მიღებული, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს ვიზის მიღებაზე. ამის მიუხედავად, ჟურნალისტს არ ჰქონდა პასუხი აზერბაიჯანის სახელმწიფოსგან.

 

უარყოფითი პასუხი ოლიმპიადისა და მასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქების თაობაზე გიბსონს 11 ივნისს, ოლიმპიადის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, მიუვიდა.

 

THe Guardian/ გარდიანი
THe Guardian/ გარდიანი

“გარდიანი” მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანმა ჟურნალისტს უარი იმიტომ უთხრა ქვეყანაში შესვლაზე, რომ 2014 წლის დეკემბერში გააშუქა პოლიტიკური დევნის პროცესი. გამოცემა  ესაუბრა გამომძიებელ-ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას, რომელიც ამ ინტერვიუდან რამდენიმე დღეში დააკავეს და დღემდე ციხეში იმყოფება.

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აზერბაიჯანში არ შეუშვეს სხვადასხვა მედიისა და ორგანიზაციის თანამშრომლები. შესვლის უფლება არ მისცეს უფლებდამცელ გიორგი გოგიას, რომელიც Human Rights Watch”-ის იურისტია.

 

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები აზერბაიჯანში პოლიტიკურ დევნასა და პრეზიდენტ ალიევის ოჯახის ავტოკრატიულ მმართველობაზე საუბრობენ. ისინი ევროპის ოლიმიურ კომიტეტს სთხოვდნენ, რომ არ ჩატარებულიყო ოლიმპიური თამაშები აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების უგულებელყოფის გამო.

 

ევროპული ოლიმპიური თამაშები აზერბაიჯანში პირველად იმართება. ის დღეს, 12 ივნისს დაიწყო და 28 ივნისამდე გაგრძელდება.

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი