ახალი ამბებისამართალი

ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევას საკონსტიტუციოში გაასაჩივრებენ

23 დეკემბერი, 2019 •
ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევას საკონსტიტუციოში გაასაჩივრებენ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მურთაზ ზოდელავამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ იურისტების ჯგუფი უკვე მუშაობს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების საკითხის გასაჩივრებაზე როგორც სააპელაციო, ისე საკონსტიტუციო სასამართლოებში.

ზოდელავასვე ინფორმაციით, პარლამენტში ნიკა მელიას “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბადრი ბასიშვილი ჩაანაცვლებს. მისი განმარტებით, ბასიშვილთან დაკავშირებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე მიმართა პარლამენტს და ჩატარდა საკომიტეტო განხილვაც.

რაც შეეხება საკონსტიტუციო და სააპელაციო სასამართლოში ნიკა მელიასთვის მანდატის ჩამორთმევის საქმეზე სარჩელების შეტანას, ზოდელავას თქმით, სისხლის სამართლის იურისტები, კონსტიტუციონალისტები და არასამთავრობო სფეროს წარმომადგენლები ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობენ და დაახლოებით ერთი კვირის ვადაში შეიტანენ სარჩელს, როგორც საკონსტიტუციო, ასევე სააპელაციო სასამართლოში:

“ადვოკატების ჯგუფი მუშაობს, რომ სააპელაციო და საკონსტიტუციო სასამართლოებში გასაჩივრდეს უშუალოდ პარლამენტის მიერ გაკეთებული განმარტება მელიას მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთვლით, რომ პარლამენტის წევრის თანამდებობა არ არის თანამდებობა, რომელიც შეიძლება სასამართლომ განაჩენით შეზღუდოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს განაჩენი არასაპატიმრო სასჯელს ითვალისწინებს”, – განმარტა ზოდელავამ.

ზოდელავას თქმით, სწორედ სასამართლოს განაჩენი არის მათი მთავარი არგუმენტი სარჩელის მომზადებისას. ზოდელავამ ასევე განმარტა, რომ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება იქნება პრეცედენტული, რადგან ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ საკონსტიტუციო სასაამრთლოს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის კონსტიტუციურობაზე ემსჯელა.

ენმ-ის ლიდერს, ნიკა მელიას დეპუტატის უფლებასმოსულება პარლამენტმა  “ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეუწყვიტა.

მელიას სასამართლოს 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით,  2 წლითა და სამი თვით თანამდებობის დაკავება შეუზღუდა. გარდა ამისა, 2 დეკემბერს გამართული სასამართლოს გადაწყვეტილებით მელიას 25-ათასლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი