ახალი ამბები

ქვარაიას ბიუროს ბანერს “მონა” დააწერეს და შეღებეს, ნივთის დაზიანებაზე გამოძიება დაიწყო

23 დეკემბერი, 2019 • 1386
ქვარაიას ბიუროს ბანერს “მონა” დააწერეს და შეღებეს, ნივთის დაზიანებაზე გამოძიება დაიწყო

ზუგდიდში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ბიუროზე განთავსებული ბანერის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

როგორც ნეტგაზეთს უწყებაში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ქვარაიას ბიუროს ხელმძღვანელი ირაკლი ბაღათურია ნეტგაზეთს ეუბნება, რომ ბანერი გუშინ, 21 დეკემბერს დააზიანეს, მომხდარზე ბიუროს თანამშრომლებმა შსს-ს აცნობეს.

“კვირას, დღის პირველ ნახევარში, დაზიანდა ბიუროს საკუთრებაში არსებული რკინის კონსტრუქციაზე დამაგრებული ბანერი. საღებავით იყო წასმული. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ეს ბანერი ჩამოხსნეს და ახლა გამოძიების ფარგლებში შსს-ს შენობაშია გადატანილი”,-ამბობს ის.

კითხვაზე, რატომ მიმართეს შსს-ს გამოძიების დაწყების თხოვნით, თუ მხოლოდ ბანერი დაზიანდა, ირაკლი ბაღათუარია გვპასუხობს, რომ ეს ბანერი ბიუჯეტის ფულით იყო შეძენილი, შესაბამისად, საჯარო ქონება დაზიანდა. მისივე თქმით, ბანერზე მერაბ ქვარაიას ბიუროს დასახელება, ფაქტობრივი და ვებ-გვერდის მისამრთი ეწერა.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ბანერზე “მონა” დააწერეს.

ფოტო © რუსთავი 2

მასალების გადაბეჭდვის წესი