ახალი ამბები

“თავისუფალი დემოკრატები”: ჩვენი ამოცანაა 2016-2020 წლებში მშპ-ს ზრდა შეადგენდეს 7-9%

11 ივნისი, 2015 •
“თავისუფალი დემოკრატები”: ჩვენი ამოცანაა 2016-2020 წლებში მშპ-ს ზრდა შეადგენდეს 7-9%

“დოკუმენტი ასახავს იმ საჭიროებებს, რაც პარტიის ლიდერების თბილისისა და რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრების, ეკონომიკის ექსპერტებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან ხანგრძლივი თანამშომლობის შედეგად გამოიკვეთა” -განაცხადეს “თავისუფალმა დემოკრატებმა”. 


“თავისუფალი დემოკრატების” მიერ  წარმოდგენილი დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ქვეყნის ამჟამინდელ ეკონომიკურ მდგომარეობას, წარსულ გამოცდილებას.


“თავისუფალი დემოკრატების” ეკონომიკური ხედვა მიზნად ისახავს ისეთი ეკონომიკური მექანიზმების შექმნას, რაც უზრუნველყოფს საქართველოს გრძელვადიან განვითარებას და კონკურენტულ რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბებას. ეკონომიკური ხედვა წარედგინა საზოგადოებას სამსჯელოდ, რათა საპროგრამო დოკუმენტში მაქსიმალურად აისახოს დაინტერესებულ მხარეთა მოსაზრებები და შენიშვნები”- აცხადებენ პარტიაში. 


,,თავისუფალი დემოკრატების“ ეკონომიკური ხედვის ძირითადი პრინციპებია:

 

“სწრაფი ეკონომიკური ზრდა – ჩვენ ამოცანად ვისახავთ 2016-2020 წლებში, 3-6 %-იანი ინფლაციის პირობებში, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა შეადგენდეს 7-9% -ს. მონეტარული სტაბილურობის პირობებში, ჩვენი გათვლებით, აღნიშნული მაჩვენებელი ნიშნავს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს დღევანდელი 6 500 ლარიდან 12 000 ლარამდე ნიშნულის მიღწევას;

 

ძლიერი საშუალო ფენა – წლიური 20 000 ლარის შემოსავლის მქონე ოჯახების რაოდენობის გაორმაგება; მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები მცირე და საშუალო ბიზნესს. განსაკუთრებით გაიზრდება ფიქსირებული გადასახადის მქონე მცირე ბიზნესების რიცხვი საქმიანობის სახეების გაფართოების საფუძველზე;

 

ბიზნესში რეინვესტირებული კაპიტალი განთავისუფლდება მოგების გადასახადისგან;

 

საგადასახადო სისტემის ადმინისტრირების რეორგანიზაცია, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის (ფინანსური პოლიციის) გაუქმება;

 

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სამი წლის განმავლობაში, იურიდიული კადასტრის განხორციელება, მიწის აღწერით და საკუთრების უფლების დარეგისტრირებით, რაც არსებითად გააუმჯობესებს პროგნოზირებად საინვესტიციო გარემოს;

 

ტექნიკური განათლების დონის ამაღლება, ტექნოლოგიური ადაპტირება და ინოვაციური პოტენციალის განვითარება;

 

“თავისუფალი დემოკრატების” ეკონომიკური ხედვის პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. ღონისძიებას პარტიის ლიდერებთან ერთად მოწვეული სტუმრები – ბიზნესისა და საექსპერტო წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი