ეს ინიციატივა არ არის ჩემი, ეს არის დეპუტატების ჯგუფის ინიციატივა: მირიან წიკლაური – ეს არის ყაზბეგის ოლქის დეპუტატი, ირაკლი ტრიპოლსკი – ეს არის დუშეთის ოლქის დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე – ეს არის მესტიის ოლქის დეპუტატი, მეც მათ შორის და უმრავლესობის მიერ გაზიარებული იქნა ეს წინადადება.
ანუ კოალიციაში არის შეთანხმება მიღწეული?
რა თქმა უნდა, უმრავლესობა იყო, მათ შორის რესპუბლიკური პარტია, ეროვნული ფორუმი, კონსერვატორები, მრეწველები და ყველა იყო, მთავრობის ხელმძღვანელობაც ესწრებოდა ამ შეხვედრას
რამდენი ხანია დაიწყო ამ ინიციატივაზე მსჯელობა?
ადრეც ყოფილა მსჯელობა ამაზე, მაგრამ ახლა, რომ აი, მოდი, ასე გავაკეთოთ, ეს იყო დაახლოებით 1 კვირის წინ.
ანუ მთავრობის მხარდაჭერაც აქვს ამ ინიციატივას?
იქ ასე იყო. ზოგადად, ადრეც იყო ამაზე მუდმივად ლაპარაკი, რომ მთიანი რეგიონის შესაბამის კანონს ვიღებთ და ამიტომ მოხდა ამის აქტუალიზება, რომ ამ კანონში შევიტანოთ. თუმცა, როდესაც მთავრობამ განიხილა და წარმოადგინა, იქ ცოტა სხვა ფორმულირება იყო, იყო საბჭო და სპეციალური ორგანიზაციები. როცა უკვე წამოვიდა მთავრობიდან, ამის შემდეგ გაჩნდა ეს ინიციატივა.
ერთი, აქტუალიზება გამოიწვია იმან, რომ თვითონ ეს კანონი, ვიცოდით, რომ დღე–დღეზე შემოვიდოდა; და მეორე საკითხი, რამაც ასევე ხელი შეუწყო ამ თემის აქტუალიზაციას, იყო ის, რომ, როგორც მოგეხსენებათ, საარჩევნო ოლქების ცვლილება გათანაბრების მიმართულებით უნდა განხორციელდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. ეს იწვევს მცირემოსახლიანი, მაღალმთიანი მულიციპალიტეტების გაერთიანებას, მაგალითად, შესაძლოა 3 ოლქი გაერთიანდეს ერთ საარჩევნო ოლქად, მაგალითად, ყაზბეგი, დუშეთი და თიანეთი; მაგალითად, ონი, ამბროლაური და ცაგერი; ასევე, აჭარის მაღალმთიანი 2 ოლქი შეიძლება ერთად გაერთიანდეს და ა.შ.
ცენტრალური მთავრობის სპეციალური ყურადღება იმ პროექტების განხორციელებისათვის და კომპლექსური პრობლემებია, მოგეხსენებათ, ამ კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტას ჭირდება კოორდინირება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა, ასევე იმ მუნიციპელიტეტების პროექტებს, ასე ვთქვათ, ცენტრალურთან ჰარმონიზება და ა.შ. ამ ამოცანების განსახორციელებლად: კოორდინაციის, სპეციალური ყურადღების დათმობის, პროგრამების შედგენის დროსაც კოორდინაციის და განხორციელების დროსაც კოორდინაციის მთავარი ფუნქცია ექნება ამ სახელმწიფო მინისტრს. ეს არ არის დიდი სამინისტრო. იგულისხმება მცირეაპარატიანი სახელმწიფო მინისტრის ოფისი, რომელიც ძირითადად კოორდინაციით იქნება დაკავებული.
ხომ არსებობს იგივე ჯანდაცვის სამინისტრო, რეგიონული განვითარების სამინისტრო, რომლებიც წარმოდგენილია პარლამენტში შეტანილ კანონპროექტში. თქვენ ფიქრობთ, რომ ისინი ვერ მოახდენენ ამ პრობლემების კოორდინაციას?
ახლა რაც მე გელაპარაკეთ, სწორედ იმას გულისხმობს, რომ ეს სამინისტროები სექტორული პოლიტიკის განხორციელებაზე არიან ორიენტირებული. ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს თავის სფეროში პოლიტიკას, განათლების – თავის სფეროში და ა.შ. ცხადია, მთავრობა ახდენს ამ სამინისტროების კოორდინაციას, მაგრამ რამდენადაც მთიანი რეგიონები განსაკუთრებულ მოპყრობას საჭიროებს, მოგეხსენებათ, რა მდგომარეობაა იქ, დაცლილია მთიანი რეგიონები, სასაზღვრო ზონა, ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ინფორმაციის მისაწვდომობა არ არის ისეთივე, როგორც სხვაგან და ასე შემდეგ, ამიტომ სპეციალურ ყურადღებას საჭიროებს.
რომელი წლიდან იგეგმება აპარატის შექმნა?
წელს არა, რასაკვირველია. ჯერ ერთი, პარლამენტმა უნდა მიიღოს, მერე, თუ მიიღებს პარლამენტი, წელს არა, ცხადია, მომავალი წლის ბიუჯეტში.
დაახლოებით გათვლა ხომ არსებობს, რადგან უკვე ინიციატივა წამოვიდა, რამდენი შეიძლება დაუჯდეს სახელმწიფოს ამ აპარატის შექმნა?
არაფერი გათვლა არ არსებობს, ეს არის ინიციატივა, მერე მეორე მოსმენით ამას ვნახავთ. მე მინდა, რომ კარგად გაიგოთ და რასაც ახლა ვიტყვი, ეს დაბეჭდეთ: ეს ისტერიკა იმის თაობაზე, რომ სახელმწიფომ ხარჯები არ უნდა გაწიოს, უნდა დამთავრდეს. თქვენ იცით, ჩვენ გვინდა ევროპული წესრიგის დამკვირდება საქართველოში, ხომ სწორია? ევროპული სახელმწიფო, ეს არის პასუხისმგებელი სახელმწიფო. ეს არ არის ის სახელმწიფო, რომელიც იმართებოდა, განსაკუთრებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ასე რომ, ბაზარი დაარეგულირებს ყველაფერს, სახელმწიფო უნდა იყოს ძალიან მცირე. ეს არის რადიკალური, ნეოლიბერალური მიდგომები, რომელიც დედამიწის ზურგზე არსად არ არის და ევროპაში ხომ ასეთი რამ წარმოუდგენელია.
ევროპულ ქვეყნებში ბიუჯეტები წარმოადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 45%–ს, ეს რას ნიშნავს, იცით? რომ თითქმის ნახევარს, განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში, 50%–ს. ნახევარს ეკონომიკისას არეგულირებს სახელმწიფო. ჩვენთან რამდენია იცით ბიუჯეტი? 29%–ია. თუ ევროპული სახელმწიფო გვინდა, მაშინ ეს არის პასუხისმგებელი სახელმწიფო.
დაუჯდეს, ეს იმისთვის კი არ არის, რომ ვიღაცამ თანამდებობა მიიღოს. იმისთვის არის, რომ განხორციელდეს პროექტები, ეკონომიკა განვითარდეს მთაში და ამისთვის სახელმწიფომ უნდა ხარჯები გაწიოს, ცხადია. აბა, ის, რომ მარტო იმ ადამიანებს უთხარი, წადი ახლა თქვენ თვითონ და განვითარდი, როგორ განვითარდებიან? ეს ძალაინ სერიოზული საკითხია, ეს არის სახელმწიფოს პოლიტიკის ფილოსოფიის საკითხი.
ანუ, ჩვენ ვგეგმავთ, მერე სახელმწიფო პასუხისმგებლურად იქცევა, აკეთებს რამეს, თუ მიშვებული აქვს, რომ აი, მარტო ჯარია, პოლიცია და დანარჩენი როგორც გაკეთდება, გაკეთდება. Laissez-faire ქვია მაგას, მე–19 საუკუნეში იყო ასეთი მიდგომები. Laissez-faire ეკონომიკა, ფრანგული სიტყვაა, ნიშნავს მიანებე თავი, გაკეთდეს, როგორც გაკეთდება. ეს არის რადიკალური, ნეოლიბერალური, საბაზრო მიდგომა, რომელიც არსად არ არის რეალიზებული, მით უმეტეს, განვითარებულ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო არის პასუხისმგებელი.
ჩვენ გვინდა, რომ სახელმწიფო იყოს უპასუხისმგებლო, არაფერი არ გააკეთოს, ბიუჯეტში ფული არ შევიდეს, ოღონდ ეს მთიანი რეგიონი განვითარდეს, პენსიები გაიზარდოს და ასე შემდეგ, ეს არ მოხდება. ეს არის ნონსენსი. ეს სერიოზული მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. ის, რაც ჩვენ გვაქვს, 30%–ზე მეტი არ შეიძლება იყოს ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტისა, ეს კანონმდებლობით გვაქვს ჩვენ დადგენილი, უცხოელებს რომ ვეუბნები, არ ჯერათ, რომ ასეთი რამ კანონით დაადგინეთო. ოღონდ საქმე იმაშია, რომ კარგად უნდა დაიხარჯოს. მეორე საკითხია, რომ თუ ცუდად იხარჯება, ეს არ ნიშნავს, რომ ამის დახარჯვის საჭიროება არ არსებობს.
ჩაიწერება ამ კანონპროექტში, რახან ჯერ კიდევ დამუშავების დონეზეა, როგორც აღნიშნეთ, რომ იქნება საჭირო მთის მინისტრის აპარატის შემოღება? ჯერ ასეთი ჩანაწერი არ არსებობს
პარლამენტმა უნდა მიიღოს, უმრავლესობამ გაიზიარა, მაგრამ ჯერ კენჭისყრაა.
თქვენ ალბათ ნახეთ, სოციალურ ქსელში ცოტა ირონიული და დამცინავი რეაქცია მოჰყვა ამ ინიციატივას..
რაც მე მოგიყევით, გაიგეთ? სოციალური ქსელების ამ ცინიკოსებმა წაიკითხონ პოლ კრუგმანი, ჯოზეფ სტიგლიცი, ელინორ ოსტრომი და ასე შემდეგ. ესენი არიან ნობელის პრემიის ლაურეატები, რომლებიც, ოდნავ რომ ბიუჯეტების სიმკაცრეს, ინგლისურად იცით როგორ არის ეგ? austerity– არის ბიუჯეტების სიმკაცრე და austerity isteric – ასე ეძახიან ამას. ოღონდ ეგ, რა თქმა უნდა, ეგეთი არ არის, როგორც ჩვენთან არის. ეს არის ძალიან ცოტა, ამ კრიზისის დროს დაიწყო ცოტათი, ასე ვთქვათ, მომჭირნეობა. მაგრამ ის, რომ ჯანდაცვა გაუქმდეს, სამინისტროები გაუქმდეს, არაფერი არ იყოს, არც მთას მიეხედოს, ასეთი სისულელე არსად არ არის.
ამ ხალხს როგორ ველაპარაკო, ეს წიგნები წაიკითხონ, ეს ავტორები წაიკითხონ, ესენი არიან ნობელის პრემიის ლაურეატები და მერე მელაპარაკონ და მერე ილაპარაკონ იმაზე, როგორი უნდა იყოს ეს. მეც წავიკითხე სისულელე, რომ ბიძაშვილი უნდა მოაწყოს. ჯერ ერთი, არც ერთი ბიძაშვილი იქ არ ცხოვრობს, მე არ ვიცი, მირიან წიკლაურის ბიძაშვილების მოსაწყობად თუ არის ეს სამინისტრო. და სამინისტროს 10-მა თანამშრომელმა რა ბიძაშვილები უნდა მოაწყოს უმრავლესობამ, აბა, მითხარით რა.
ასეთი არგუმენტი წავიკითხე, რომ თუ უნდა არსებობდეს მთის სამინისტრო, რატომ არ უნდა იყოს ამავე ლოგიკით, ვთქვათ, რომელიმე რეგიონის სამინისტრო და ასე შემდეგ, ყველა რეგიონს ხომ განსაკურებული თავისებურებები აქვს?
დიდი ხანი გელაპარაკეთ და რა პასუხი გავცე, არასერიოზულია. ეს არის საქართველოს მასშტაბით საზღვრები, დაცლილი რეგიონები, დეპრესიული რეგიონები, ისტორია და ყველაფერი.