ახალი ამბები

აუცილებელია კერძო სკოლების ავტორიზაციის ახალი სტანდარტის შემუშავება – ჩხენკელი

20 დეკემბერი, 2019 • 3603
აუცილებელია კერძო სკოლების ავტორიზაციის ახალი სტანდარტის შემუშავება – ჩხენკელი

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, სამინისტრო განიხილავს კერძო სკოლების ავტორიზაციის პროცესის შესაძლო გართულებას. ამის შესახებ ჩხენკელმა დღეს, 20 დეკემბერს, პარლამენტის რიგგარაშე სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ახლა უაღრესად მნიშვნელოვანია, კერძო სკოლებში გატარდეს უსაფრთხოების ის ზომები, რა ზომებიც 2019 წლიდან საჯარო სკოლებს ეხება, რაც გულისხმობს მანდატურის სამსახურის გადამზადებას, ფსიქო-სოციალური სამსახურის გაძლიერებასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების მაღალპროფესიულ მომზადებას. ამ მიმართულებით ჩხენკელმა განსაკუთრებული აქცენტი კერძო სკოლებზე გააკეთა და თქვა, რომ ამ ყველაფერთან ერთად საჭიროა კერძო სკოლების ავტოორიზაციის ახალი სტანდარტების შემუშავება:

“ვფიქრობ, რომ ასევე საჭიროა ახალი საკანონმდებლო რეგულაციები. კერძოდ, აუცილებელია კერძო სკოლების ავტორიზაციის ახალი სტანდარტის შემუშავება და დანერგვა. ამ სტანდარტებმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო და მზრუნველი გარემო მოსწავლისთვის. დააწესოს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მაღალი კრიტერიუმები. საჭიროა გაძლიერდეს უწყებათაშორისი თანამშრომლობა ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებთან, გაღრმავდეს არასამთავრობო ორგანიზაციების როლი“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

ამჟამად, იმისთვის, რომ სკოლამ ავტორიზაციის პროცესი გაიაროს, რის შემდეგაც კონკრეტული საგანმანათლებლო დაწესებულება შეძლებს ფუნქციონირებას, აუცილებელია სამი ძირითადი მოთხოვნის შესრულება:

  • საგანმანათლებლო პროგრამების გამართულობა;
  • საკმარისი მატერიალური რესურსის ქონა;
  • შესაბამისი ადამიანური რესურსი.

ჩხენკელის განმარტებით, მხოლოდ ადმინისტრაციული საშუალებებით პრობლემეის მოგვარება შეუძლებელია:

“აუცილებელია თავად სასკოლო პროცესის განვითარება: უნდა გაიზარდოს დამრიგებლის როლი თითოეული მოსწავლის საჭიროებების და შესაძლებლობების იდენტიფიცირებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით; უნდა გაიზარდოს სკოლის ყოველდღიურობაში, პრობლემათა იდენტიფიცირების და გადაჭრის პროცესებში თავად მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობა. ამ მიზნით საჭიროა ელექტრონული რესურსების განვითარება, მშობელთა, მასწავლებელთა და სასკოლო საზოგადოების რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა”, – განაცხადა ჩხენკელმა

ჩხენკელის თქმით, აღნიშნულის შესახებ სამინისტრო რამდენიმე დღეში წარმოადგენს ზუსტ, დროში გაანგარიშებულ, გაწერილ გეგმას, რომელიც კერძო სკოლებში უსაფრთხოების სტანდარტის გაძლიერებას განსაზღვრავს.


მთავრობის მაღალჩინოსნების ქონებრივ დეკლარაციებს თუ გადავხედავთ, შეიძლება დაზუსტებით  ვთქვათ, რომ ისინი საკუთარი შვილებისთვის საჯარო სკოლას იშვიათად ირჩევენ და ძირითადად კერძო სკოლებს მიმართავენ. ეს მომსახურება მათ საკმაოდ ძვირი უჯდებათ, გადასახადი კი ასევე ხშირად არა ეროვნულ ვალუტაში, არამედ აშშ დოლარში ან ევროშია გამოხატული. გაეცანით ამ თემაზე ჩვენს სტატიებს:

რა უჯდებათ მინისტრებსა და მათ მოადგილეებს შვილების კერძო სკოლაში სწავლა

ერთი ქვეყანა – ორი სამყაროს ბავშვები

მასალების გადაბეჭდვის წესი