ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

Amnesty International-ს ევროპულ თამაშებამდე ბაქოში არ უშვებენ

10 ივნისი, 2015 •
Amnesty International-ს ევროპულ თამაშებამდე ბაქოში არ უშვებენ

საერთაშორისო ორგანიზაციის აზერბაიჯანში ვიზიტის მიზანი ბრიფინგის გამართვა იყო თემაზე “აზერბაიჯანი: თამაშების რეპრესიები, ხმები, რომლებსაც ვერ გაიგებთ პირველ ევროპულ თამაშებზე”. 

 

ვიზიტი მას შემდეგ გაუქმდა, რაც ლონდონში 9 ივნისს ორგანიზაციამ აზერბაიჯანის საელჩოდან შეტყობინება მიიღო, სადაც ეწერა, რომ ამჟამად აზერბაიჯანი ვერ მიესალმება Amnesty International-ის მისიას და უმჯობესი იქნება, თუ ბრიფინგი თამაშების შემდეგ გაიმართება. 

 

“ძალიან ირონიულია, რომ ღონისძიება სწორედ იმ მომენტში გააუქმეს, როდესაც ქვეყანაში კრიტიკული ხმები სისტემატურად იხშობა ევროპულ თამაშებამდე. ხელისუფლება მონდომებით ცდილობს ევროპული თამაშების ზონა კრიტიკის მიღმა შექმნას”, – ამბობს დენის კროვოშეევი, ორგანიზაციის პროგრამების დირექტორის მოადგილე ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში. 

 

მისი თქმით, ეს თამაშები კიდევ უფრო წაახალისებს მთელ მსოფლიოში რეპრესიულ რეჟიმებს, რათა გამოიყენონ მსხვილი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები, როგორც საგზური საერთაშორისო პრესტიჟისა და რესპექტაბელურობისთვის. 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  



მასალების გადაბეჭდვის წესი