ახალი ამბები

ზურაბ ჯაფარიძე: საქართველოს ბიუჯეტი მინიმუმ 300–400 მილიონი ლარით უნდა შემცირდეს

10 ივნისი, 2015 •
ზურაბ ჯაფარიძე: საქართველოს ბიუჯეტი მინიმუმ 300–400 მილიონი ლარით უნდა შემცირდეს

ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ბიუჯეტში არის ძალიან ბევრი მუხლი, სადაც ხარჯები გაბერილია. მისი თქმით, ეს ეხება მთავრობის კომფორტზე გათვლილ ხარჯებსაც. მისი განცხადებით, პირველ რიგში, აუცილებელია ბიუჯეტის რამდენიმე ასეული მილიონი ლარით შემცირება:


“ახლა, ამ წუთას, რაც პირველ რიგში არის გასაკეთებელი, მინიმუმ შესამცირებელია 300-400 მილიონი ლარით მაინც იმისათვის, რომ ბიუჯეტი შეესაბამებოდეს იმ პროგნოზირებულ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც წელს სავარაუდოდ საქართველოს ექნება და ეს არის კარგ შემთხვევაში 2%. ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ პირველ რიგში ეკონომიკა ამუშავდეს, საჭირო არის გაცილებით უფრო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი, რადიკალური შემცირება. მე ლაპარაკი მაქვს არა ასობით მილიონზე, არამედ მილიარდებზე, იმისათვის, რომ მეტი ფული დარჩეს ეკონომიკაში და ეკონომიკა სწრაფად ამუშავდეს,”– ამბობს ჯაფარიძე.


2015 წლის ბიუჯეტით, ბიუჯეტის შემოსულობები 9 მილიარდ 875 მილიონი ლარია. გადასახდელები კი 9 მილიარდ 575 მილიონით განისაზღვრა.


ზურაბ ჯაფარიძემ ეს განცხადება დღეს, პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც მან “ახალი პოლიტიკური ცენტრის” იმ ინიციატივებზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, უნდა გამხორციელდეს, თუკი საქართველოს სურს, უფრო მიმზიდველი ქვეყანა გახდეს ინვესტორებისთვის.


“ახალი პოლიტიკური ცენტრი”  ენმ–დან წასულმა დეპუტატებმა – ზურაბ ჯაფარიძემ, პავლე კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ შექმნეს. 

 

ზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი