ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქოში ოლიმპიადის პარალელურად, თბილისში საპროტესტო ღონისძიებები გაიმართება

9 ივნისი, 2015 •
ბაქოში ოლიმპიადის პარალელურად, თბილისში საპროტესტო ღონისძიებები გაიმართება

“იმ ფონზე, როდესაც აზერბაიჯანში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, უფლებადამცველების მიმართ უპრეცედენტო სადამსჯელო ღონისძიებები განხორციელდა, აზერბაიჯანის ხელისუფლება 12 ივნისს საზეიმო ვითარებაში ხსნის ევროპულ ოლიმპიადას”, – ნათქვამია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლისა და მისი წევრი ორგანიზაციების განცხადებაში, რომლებიც პროტესტის ნიშნად ორდღიან ღონისძიებებს ჩაატარებენ. 

 

კერძოდ, როგორც განცხადებაში წერია, “11 ივნისს, 5 საათზე თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება დისკუსია აზერბაიჯანში მიმდინარე რეპრესიების და ადამიანის უფლებების უპრეცედენტო დარღვევების შესახებ”. 

 

ასევე, ღონისძიებაზე გაიმართება დოკუმენტური ფილმის ჩვენება, “სადაც ასახულია, როგორ არღვევს აზერბაიჯანის ხელისუფლება ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს – საკუთრების უფლებას – ოლიმპიადისთვის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად”.

 

გარდა ამისა, ოლიმპიადის გახსნის პარალელურად, 12 ივნისს, 11 საათზე, ჰეიდარ ალიევის სახელობის სკვერში უფლებადამცველები აქციას გამართავენ. აქციის მონაწილეები სლოგანით – „სპორტი ადამიანის უფლებებისთვის“- აზერბაიჯანში ევროპული თამაშების გახსნის დღეს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა ტოტალურ დარღვევებს გააპროტესტებენ და საერთასორისო საზოგადოებას შეახსენებენ, რომ “გლამურული ღონიძიებების მიღმა ქვეყანას ასობით პოლიტპატიმარი და არაერთი ცნობილი უფლებადამცველი ციხეში ჰყავს გამოკეტილი გაყალბებული ბრალდებებით”.

 

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, შეწყვიტოს მიმდინარე რეპრესიები სამოქალაქო წარმომადგენლებზე, დაუყონებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს უკანონო პატიმრობაში მყოფი უფლებადამცველები, დაასრულოს უფლებადამცველების დევნა და შევიწროება ქვეყანაში და უზრუნველყოს მათი ლეგიტიმური საქმიანობის განხორციელება ყოველგვარი დაბრკოლების, დაშინებისა და რეპრესიების გარეშე.

 

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები არიან: ადამიანის უფლებათა ცენტრი; ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტების კვლევის ცენტრი – კავკასია; კავშირი საფარი; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; მედიის ინსტიტუტი; წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი (GCRT).

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  


მასალების გადაბეჭდვის წესი