ახალი ამბებისამართალი

ომბუდსმენი პროკურატურის მიერ ოქროპირიძისთვის ახალი ბრალის წაყენებას აკრიტიკებს

9 ივნისი, 2015 • 1601
ომბუდსმენი პროკურატურის მიერ ოქროპირიძისთვის ახალი ბრალის წაყენებას აკრიტიკებს

გიორგი ოქროპირიძეს ცრუ დასმენის შესახებ ბრალი პროკურატურამ 8 ივნისს წარუდგინა. ოქროპირიძეს ბრალი ლაშა მახარაძის მკვლელობაშიც ედება. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატრიმობის 9-თვიანი ვადა ამ საქმეზე 12 ივნისს ეწურება, თუმცა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ, პროკურატურის შუამდგომომლობის საფუძველზე, ახალ ბრალთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების სახით კვლავ პატიმრობა შეუფარდა

სახალხო დამცველი ამბობს, რომ წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის ფაკულტატიური ოქმის 21–ე მუხლის თანახმად,  “არც ერთი ორგანო ან თანამდებობის პირი არ გამოიყენებს რაიმე სანქციას, ან არ გასცემს სანქციის გამოყენების ბრძანებას ან ნებართვას რომელიმე პირის ან ორგანიზაციის მიმართ მათ მიერ პრევენციის ეროვნული მექანიზმისთვის ნამდვილი თუ  ყალბი ინფორმაციის მიწოდების გამო, ასევე არ შეზღუდავს ასეთ პირს ან ორგანიზაციას რაიმე სხვა წესით.”

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, 2014 წლის 23 სექტემბერს სახალხო დამცველმა, წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №3 და №8 დაწესებულებებში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ, იმავე წლის 22 სექტემბერს გიორგი ოქროპირიძის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ომბუდსმენის ინფორმაციით, გიორგი ოქროპირიძე განმარტავდა, რომ №8 და №3 დაწესებულებების თანამშრომლებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრნენ შიმშილობის გამოცხადების გამო.

25 სექტემბერს კი, სახალხო დამცველის წინადადების საფუძველზე, პროკურატურაში დაიწყო გამოძიება ბრალდებულის, გიორგი ოქროპირიძის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 2014 წლის 2 ოქტომბერს მოცემულ საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა გიორგი ოქროპირიძე.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ ამ საქმეზე გამოძიება რამდენჯერმე შეწყდა, საბოლოოდ კი განახლდა 2015 წლის 6 ივნისს; 7 ივნისს ზემოაღნიშნული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო გიორგი ოქროპირიძის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება, რომელიც იმავე დღეს შეწყდა. ხოლო გამოძიება გაგრძელდა ცრუ დასმენის ფაქტზე, რაზეც 8 ივნისს გიორგი ოქროპირიძეს წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 373–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან 6 წლამდე.

სახალხო დამცველის განცხადებით, პროკურატურის საქმიანობა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გახდეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისკენ მიდრეკილი. ომბუდსმენის თქმით, მსგავსი პრეცედენტი ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს არა მხოლოდ გიორგი ოქროპირიძის მიმართ წაყენებული ბრალის დასაბუთებულობასა და მართებულობასთან დაკავშირებით, არამედ არსებითად აყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე სახელმწიფო მიერ არაერთგზის ნაკისრი – წამების წინააღმდეგ ბრძოლის ვალდებულებას.

“მსგავსი პრეცედენტის შექმნა შეიცავს რისკს, დამკვიდრდეს პრაქტიკა, რომელიც გასაჩივრების სურვილს მოუსპობს პატიმარს, რათა მისი საჩივარი არ გახდეს საფუძველი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ცრუ დასმენის საფუძვლით ბრალის წასაყენებლად,”– წერია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

ომბუდსმენის განცხადებით, პროკურატურამ, ისევე როგორც ნებისმიერმა სხვა ინსტიტუტმა, პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ უმაღლეს კონსტიტუციურ ინსტიტუტს – საქართველოს სახალხო დამცველს, და არ გამოიყენოს ამ ორგანოს მიერ მისი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ქმედებები კონკრეტულ პირთა მიმართ უფლებების დარღვევის საფუძვლად. 

მასალების გადაბეჭდვის წესი