რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ჩეჩნეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ამ ეტაპზე არ შედის ტრანსპორტის სამინისტროს გეგმებში, თუმცა კარგი იდეაა.
ვლადიმერ პუტინს ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კითხვები დაუსვა ჩეჩნეთში ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, მათ შორის, ჩეჩნეთის საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე.
პუტინმა ჯერ განაცხადა, რომ იცის იმ სხვადასხვა გეგმის შესახებ, რასაც ცოტა ხნის წინ ხელისუფლება განიხილავდა:
„არსებობს სხვადასხვა ვარიანტები, რომლებიც დააკავშირებდა ჩეჩნეთს კრასნოდართან, შავი ზღვის სანაპიროსთან. ეს თავის დროზე უნდა გაკეთებულიყო. ახლა კონკრეტული გეგმები არ არსებობს, მაგრამ ძალიან რაციონალური აზრია“, – განაცხადა მან.
უშუალოდ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის საკითხზე პუტინმა თქვა: „საქართველოსთან დაკავშირებით ნამდვილად არსებობს პრობლემა, განსაკუთრებით- ზამთრის პერიოდში, თოვლის გამო. რა თქმა უნდა, ეს ვიცით. ეს, რის შესახებაც თქვენ საუბრობთ [ჩეჩნეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა], კარგი იდეაა, მაგრამ ჯერჯერობით ტრანსპორტის სამინისტროს გეგმებში არ შედის. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ცნობილი იდეაა და მისი განხორციელება რაციონალურია“.
ამ გზის მშენებლობის შესახებ რუსულ მედიაში დიდი ხანია ცნობები ვრცელდება. შარშან, 2018 წლის 2 დეკემბერს, ჩეჩნურმა სახელმწიფო ტელევიზია „გროზნომ“ (Грозный) ეთერში გაუშვა 17-წუთიანი სიუჟეტი, სადაც ნათქვამია, რომ ჩეჩნეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაიწყო საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის ხელახალი მშენებლობა. თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ეს ცნობა.
საუბარია ჩეჩნეთის რაიონ იტუმ კალესა და შატილის ერთმანეთთან დამაკავშირებელ გზაზე, რომლის მშენებლობაზე საუბარი ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყო, თუმცა საბოლოოდ არ გახსნილა.
2018 წლის სექტემბერში რუსეთის საგზაო მშენებლობის სახელმწიფო სამმართველოს უფროსმა, რომან სტაროვოიტმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთიდან საქართველოს მიმართულებით ახალი სამანქანო გზის მშენებლობა გაგრძელდებოდა. მსგავსი განცხადება 2018 წლის იანვარში გაკეთებული აქვს ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვსაც:
„მე დარწმუნებული ვარ, რომ მოვა დრო, როდესაც ნანგრევებისგან გავწმენდთ ჩეჩნეთიდან საქართველოსკენ მიმავალ გზას, გადავაქცევთ მას თანამედროვე, მეგობრობის გზად საქართველოსა და რუსეთს შორის და საბოლოოდ, არღუნის ხეობაში ავაშენებთ რკინიგზას, რომელიც გროზნოს გავლით დააკავშირებს მოსკოვს, თბილისსა და თურქეთს“, – განაცხადა 2018 წლის იანვარში კადიროვმა. მას არაერთხელ უსაუბრია ამ გზის გახსნის მნიშვნელობაზე.
გროზნო-შატოი-იტუმ კალე-შატილის 66-კილომეტრიანი სამანქანო გზის მშენებლობა ჩეჩნეთის 2012 წლის სოციალურ- ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში იყო გათვალისწინებული, რაც 2025 წლამდე უნდა შესრულდეს.
ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის დამაკავშირებელი ერთადერთი ოფიციალური გზა სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე გადის, რომელსაც საქართველოს სამხედრო გზას უწოდებენ ხოლმე.
ნახეთ ასევე:
აბაშიძე უარყოფს რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას
