რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პატიმრობაში მყოფ სომხეთის მეორე პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს, დაბადების დღე მიულოცა. ქოჩარიანს 31 აგვისტოს 72 წელი შეუსრულდა. პუტინმა მას „განსაცდელის წინაშე სიმტკიცე“ უსურვა.
„რუსეთში არ ავიწყდებათ თქვენი პირადი წვლილი ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული და მოკავშირეული ურთიერთობების განვითარებაში. გულწრფელად გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ მხნეობასა და სიმტკიცეს იმ განსაცდელის წინაშე, რომელთა გავლაც ახლა თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს გიწევთ“, – ნათქვამია მილოცვის ტელეგრამაში, რომელიც კრემლმა გამოაქვეყნა.
სომხეთში 25 აგვისტოს პრორუსული ოპოზიციური ფრაქცია „სომხეთის“ პარლამენტის დეპუტატის, ლევონ ქოჩარიანის, ბინაში, ასევე ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის სახლში და ქოჩარიანების ოჯახთან დაკავშირებული პირების კომპანიებსა და სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.
იმავე დღეს სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ რობერტ ქოჩარიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მიღებასა და ფულის გათეთრებას ედავებიან. საქმეში ასევე ფიგურირებს სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, რომელიც ქოჩარიანის პრეზიდენტობის პერიოდში თავდაცვის მინისტრი იყო.
26 აგვისტოს სასამართლომ რობერტ ქოჩარიანის შვილის, სედრაკ ქოჩარიანის, ორი თვით პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
რობერტ ქოჩარიანს კი ორთვიანი პატიმრობა 27 აგვისტოს შეეფარდა, მას შემდეგ, რაც საავადმყოფოდან გაწერეს. ქოჩარიანი საავადმყოფოში ანტიკორუფციული კომიტეტიდან გადაიყვანეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.
