ახალი ამბები

პრორუსული NGO-ები და მათი პარტნიორები მედიაში – კვლევა რუსეთის გავლენებზე საქართველოში

9 ივნისი, 2015 • 4012
პრორუსული NGO-ები და მათი პარტნიორები მედიაში – კვლევა რუსეთის გავლენებზე საქართველოში

კვლევაში თავმოყრილია ის არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებიც, მათი შეფასებით, პრორუსული რიტორიკით გამოირჩევიან. მათი თქმით, ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ორი ორგანიზაციაა აღსანიშნავი – „ევრაზიის ინსტიტუტი“ და „ევრაზიული არჩევანი“. კვლევაში ასევე შესწავლილია რუსულ-ქართულ საზოგადოებრივი ფონდის, გორჩაკოვის ფონდის და რადიო ”სპუტნიკის” საქმიანობაც საქართველოში.

კვლევის მიხედვით, ”ევრაზიულ ინსტიტუტთან” დაკავშირებული ორგანიზაციებია ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი, გლობალიზაციის პრობლემათა ცენტრი და კავკასიური თანამშრომლობა. კვლევაში ნათქვამია, რომ ”ევრაზიული ინსტიტუტის” პარტნიორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია ”ისტორიული მემკვიდრეობა”, გაზეთი ”საქართველო და მსოფლიო” (Geworld.ge), “საქინფორმი”, საინფორმაციო სააგენტო ”ივერიონი”, ლევ გუმილევის ცენტრი, კავკასიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, გლობალური კვლევის ცენტრი, სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა და ტელეკომპანია ”დრო”.

ორგანიზაცია ”საზოგადოებრივი ინიციატივის” კვლევაში ასევე მოხვდნენ ”ევრაზიულ არჩევანთან” დაკავშირებული ორგანიზაციებიც: ”ერეკლე მეორეს საზოგადოება”, ახალი მემარცხენეები – სახალხო-პატრიოტული მოძრაობა. კვლევაში წერია, რომ ”ევრაზიული არჩევანის” პროექტებია ”პატრიოტი TV” და რუსული ენის კურსები საქართველოს მოქალაქეებისთვის. კვლევის მიხედვით, ”ევრაზიული არჩევნის” პარტნიორია ”რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდი”.

”საზოგადოებივი ინიციატივის” კვლევის მიხედვით, ეს ის მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომელებიც საქართველოში ყველაზე მეტად გამოირჩევიან პრორუსული რიტორიკით.

”მაგალითად, „ევრაზიის ინსტიტუტის“ მიერ დაფუძნებულია „ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი“ და „სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის“. ინსტიტუტის პარტნიორები არიან ააიპ „ისტორიული მემკვიდრეობა“, რომელმაც თავის მხრივ მედია-გამოცემა „საქართველო და მსოფლიო“ (Geworld.ge) დააფუძნა. „ევრაზიის ინსტიტუტის“ პარტნიორებს შორისაა აგრეთვე საინფორმაციო პორტალები, „საქინფორმი“ და „ივერიონი“. „ევრაზიის ინსტიტუტის” დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე ყოფილ სახალხო დამცველ ნანა დევდარიანთან ერთად არის „კავკასიური თანამშრომლობის“ დამფუძნებელი. თავის მხრივ, ნანა დევდარიანი რამდენიმე ორგანიზაციის დამფუძნებელიცაა, მათ შორისაა, „გლობალური კვლევების ცენტრი“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა“.

ორგანიზაცია „ევრაზიულ არჩევანს“ არჩილ ჭყოიძე ხელმძღვანელობს. მისი დაფუძნებულია „ერეკლე მეორის საზოგადოებაც“, რომელიც ასევე  პრორუსული რიტორიკით გამოირჩევა. არჩილ ჭყოიძეს ყველაზე ხშირად ციტირებენ რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები. „ევრაზიულ არჩევანს“ აქვს საკუთარი ინტერნეტტელევიზიაც „პატრიოტი TV”.

კვლევის მიხედვით, ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციების აქტიურობა ორი მიმართულებით ხორციელდება: თუ „ევრაზიული ინსტიტუტი“ ძირითადად ანალიტიკური საქმიანობით, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზებით არის დაკავებული, „ევრაზიული არჩევანი“ უფრო პროაქტიულ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა და სხვადასხვა აქციებსა და დემონსტრაციებს მართავს,” – აცხადებენ კვლევის ავტორები.

კვლევაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ორგანიზაციებიდან არც ერთს საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებული არ აქვს დაფინანსების წყაროები. თუმცა რამდენიმე რუსულ ფონდს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციები პარტნიორების სიაში თავად ჰყავს შეყვანილი:

”როგორც კვლევისას გამოიკვეთა, რომელიმე ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ მოწყობილ შეხვედრებში ძირითადად ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ან „ევრაზიულ ინსტიტუტს“, ან „ევრაზიულ არჩევანს“ უკავშირდებიან. აღნიშნული ორგანიზაციებიდან არც ერთს საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებული არ აქვს დაფინანსების წყაროები. თუმცა რამდენიმე რუსულ ფონდს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციები პარტნიორების სიაში თავად ჰყავს შეყვანილი. მაგალითად, ევრაზიული კავშირისა და რუსეთის აგრესიული ექსპანსიური პოლიტიკის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ორგანიზაცია “საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობა” წერს, რომ მისი პარტნიორი საქართველოში „ევრაზიული არჩევანია”.

რუსეთ-საქართველო - www.trend.az-ის ფოტო

რუსეთ-საქართველო – www.trend.az-ის ფოტო

“საზოგადოებრივი ინიციატივის” განცხადებით, კველვის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოში ღია პრორუსული პლატფორმით გამოირჩევა ორი ძირითადი არასამთავრობო ორგანიზაცია – „ევრაზიული ინსტიტუტი“ და „ევრაზიული არჩევანი“:

”ამავე დროს, აღნიშნულ ორგანიზაციებს უკავშირდება რამდენიმე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციაც, რომელთა უმრავლესობაც 2013 წლის შემდეგ დაფუძნდა. მიუხედავად იმისა, რომ, ჯამში, ღიად ანტიდასავლური რიტორიკის მქონე ორგანიზაციების რაოდენობა საქართველოში საკმაოდ დიდია, მათი დამფუძნებლები ძირითადად ერთი და იგივე პირები არიან. „ევრაზიის ინსტიტუტის“ აქტიურობა ძირითადად კონფერენცია – სემინარების ორგანიზაციებით შემოიფარგლება მაშინ, როდესაც „ევრაზიული არჩევანი“ უფრო მეტად აქცენტს აკეთებს საპროტესტო აქციებზე. მათ აქტივობებს აშუქებენ მათივე პარტნიორი მედიასაშუალებები Geworld.ge და saqinformi.ge”

კვლევის მიხედვით, „ევრაზიულ ინსტიტუტთან“ თანამშრომლობენ რუსული ორგანიზაციები – ლევ გუმილევის ცენტრი, „კავკასიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება“ (Научное общество кавказоведов – НОК), “საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობა”. კვლევაში ნათქვამია, რომ ამ უკანასკნელის პარტნიორია „ევრაზიული არჩევანიც“, რომელიც თანამშრომლობს კიდევ ერთ რუსულ ორგანიზაციასთან “Русский Мир” (რუსული სამყარო).

”საქართველოში აქტიურად მუშაობს „გორჩაკოვის ფონდიც“, რომლის პარტნიორობით დაფუძნდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი“. მას ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც შემდგომში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორად დაინიშნა.

“საზოგადოებრივი ინიციატივის” განცხადებით, საქართველოში თანდათან ძლიერდება რუსული მულტიმედია პროექტი „სპუტნიკი“, რომელიც რუსული პროპაგანდის მთავარი ლოკომოტივია მსოფლიოში. კვლევაში წერია, რომ მას შემდეგ, რაც მათ რადიოს ეთერში გაშვების უფლება არ მისცა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, “სპუტნიკმა“ საკუთარი აქტივობა ინტერნეტ-სივრცეში გადაიტანა, სადაც ტექსტურ მასალებთან ერთად ათავსებენ როგორც ვიდეო, ისე ფოტოპროდუქტსაც, ასევე ინტერნეტ-რადიოგადაცემებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი