ახალი ამბები

ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზების დრო არ არის – გახარია

19 დეკემბერი, 2019 • 1412
ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზების დრო არ არის – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 15 წლის ლუკა სირაძის დაღუპვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დღეს ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზების დრო არ არის. ამის ნაცვლად, პრემიერის თქმით, საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოზარდების მართლმსაჯულების მიმართულებით.

“დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი გამჭვირვალედ გამოიძიებს ამ საქმეს ისე, რომ არ დარჩება არცერთი კითხვის ნიშანი საზოგადოებაში. შესაბამისი დავალებები მიიღო ყველა უწყებამ, რომ სრულად ითანამშრომლონ სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებასთან, თუმცა ჩვენ ასევე უნდა გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები. უფრო სწრაფად და სისტემურად უნდა ვიმოქმედოთ მოზარდების მართლმსაჯულების მიმართულებით და აქ კონკრეტული დავალებები უნდა გავცეთ შესაბამის უწყებებს”, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით:

  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა იზრუნოს მოზარდების დაკითხვების სივრცის შექმნის თვალსაზრისით;
  • განათლების სამინისტრომ უნდა იზრუნოს მუდმივი და განგრძობადი კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით ყველა იმ სახელმწიფო მოხელისთვის, რომელსაც შემხებლობა აქვს მოზარდებთან;
  • იუსტიციის სამინისტრომ უნდა იზრუნოს მოზარდების საკანონმდებლო დაცვაზე მაშინ, როდესაც მათ აქვთ სამართალდამცავ სისტემასთან შეხება.
  • ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალური მიმართულებით უნდა იზრუნოს იმ პრობლემებზე, რომელიც ფსიქოლოგიურად მოზარდებთან მუშაობას ეხება.
  • განათლების სამინისტროს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია პროაქტიულად, პრევენციულად იმ პრობლემების აღმოჩენის მიმართულებით, რომელიც სკოლაში  მოზარდების ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება იყოს იდენტიფიცირებული.

“ეს არის ის მიმართულებები, რომელზეც სისტემატურად უნდა ვიმუშაოთ და სწრაფო შედეგი დავაყენოთ“, – დასძინა გახარიამ.

მისი თქმით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზე მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს სპეციალური შეხვედრა გაიმართება, რომელსაც დარგის სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დაესწრებიან.

სუიციდი არ არის გამოსავალი! გირჩევთროგორც ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები და რა უნდა გავაკეთოთ პრევენციისთვის

“ეს იქნება პირველი ნაბიჯი, როცა ჩვენ კოორდინირებულად უნდა განვსაზღვროთ კონკრეტული ნაბიჯები და, ვფიქრობ, დღეს არ არის დრო ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზების, დღეს არის დრო კონკრეტული ნაბიჯების, რათა ის, რასაც სახელმწიფო აკეთებს, განათლების გაუმჯობესებისა და სისტემური რეფორმების მიმართულებით, რაც ეხებათ მოზარდებს, ახალგაზრდებზე ზრუნვას, იყოს კიდევ უფრო ეფექტური და თავიდან აგვარიდოს მსგავსი ტრაგიკული მოვლენები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი