ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ საბოლოო წინადადებებს ორი კომპანია წარადგენს, – სამთავრობო კომისიამ კვალიფიციურად ცნო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ და „ანაკლიის ინდუსტრიული ეკოპარკის და პორტის და Power China კონსორციუმის“ განაცხადებები.
სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ორივე კანდიდატს უპირატესი განმცხადებლის სტატუსი მიენიჭა.
მომდევნო ეტაპზე უპირატეს განმცხადებლებთან მოლაპარაკებები წარიმართება. საბოლოო წინადადებების წარდგენის შემდეგ კი გამოვლინდება გამარჯვებული, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ.
„ანაკლია ინდუსტრიული ეკო პარკი და პორტის“ დამფუძნებელი ბიზნესმენი თეიმურაზ ქარჩავაა, რომელმაც აქამდე არაერთხელ განაცხადა, რომ ეს კონსორციუმი PowerChina-სთან ერთად ანაკლიაში ღრმაწყლოვან პორტს ააშენებს და ამ საკითხზე ჩინეთში შეთანხმება უკვე მიღწეულია.
“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დამფუძნებელი ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძეა. “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” აერთიანებს “თიბისი ჰოლდინგსა” და “კონტი ჯგუფს”.
საქართველოს მთავრობამ ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობასა და ოპერირებაზე ინტერესთა გამოხატვა 2014 წლის ივლისში გამოაცხადა. პორტის მაქსიმალური გამტარუნარიანობა, მთავრობის გათვლებით, 100 მლნ ტონა იქნება. თუმცა შვიდ ეტაპად გაწერილი მშენებლობის პირველი სამი ეტაპი, მშენებლობის დაწყებიდან 12 წლის ვადაში, არანაკლებ 40 მლნ ტონა ტვირთის გამტარუნარიანობას უზრუნველყოფს (მესამე წელს – 7 მლნ ტონა, მეშვიდე წელს – 20 მლნ ტონა და მეთორმეტე წელს- არანაკლებ 40 მლნ ტონა).
პორტის მშენებლობა 2016 წლის ზაფხულში უნდა დაიწყოს.