დღევანდელ სხდომაზე კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მხარეებს 15 ივნიამდე მისცა ვადა, რომ შეათანხმონ პოზიციები და ამის შემდეგ კომისია გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
ტელეკომპანიის დირექტორი, რომელმაც კომისიას დღეს წერილობით მიმართა, აცხადებს, რომ ისინი მზად არიან “გაზეთ ბათუმელების” წარმომადგენლებს ტელევიზიის პირდაპირი ეთერი დუთმონ და ყველა მხარის მონაწილეობით განიხილონ სადავო საკითხი.
ამ შეთავაზებაზე “ბათუმელებმა” უარი განაცხადა, რადგან „ბათუმელები“ თვლის, რომ მისი, როგორც მიუკერძოებელი მედიაორგანიზაციის ერთადერთი მიზანი ინფორმაციის მოპოვება-გავრცელებაა, შესაბამისად, ის არ არის მხარე. აქედან გამომდინარე, სადავო საკითხის განხილვისას „ბათუმელებისთვის“ მიუღებელია მხარესთან დისკუსიაში შესვლა.
“ბათუმელები” მოითხოვს, რომ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-6 მუხლის თანახმად, საპატრიარქოს ტელევიზიამ გადაცემაში – „სიმართლე წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონზე“ – მოახდინოს გავრცელებული ინფორმაციის შესწორება და შესწორებული მასალა ეთერში გავიდეს იმავე დროს, რა დროსაც გავიდა აღნიშნული გადაცემა“.
„ბათუმელებმა“ ამ საჩივრით თავდაპირველად “ერთუსლოვნების” თვითრეგულირების ორგანოს მიმართა, სადაც საჩივრი არ განიხილეს. დღევანდელ სხდომაზე “ერთულოვნების” წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ტელეკომპანიამ მართლაც დაარღვია ვადები, რომლის დროსაც უნდა განეხილა საჩივარი. ერთსულოვების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან ნებისმიერ ფორმატში დაუთმონ ეთერი “გაზეთ ბათუმლებს”.
„ბათუმელების“ ინტერესებს საია-ს მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი იცავს. იურისტმა ნათია კაპანაძემ განაცხადა, რომ “ბათუმელებს”, ასევე, აინტერესებს კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება მაუწყებლის მიერ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში საჩივრის არგანხივლის თაობაზე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, “გაზეთმა ბათუმელებმა” ტელეკომპანია “ერთსულოვნებას” მიმართა, რომ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში განეხილა მის მიერ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის კონკრეტული მუხლების დარღვევა. საჩვარი შეეხებოდა ამავე ტელევიზიის ეთერში “წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონის” შესახებ 2014 წლის 19 დეკემბერს გასულ გადაცემას.
“ბათუმლებმა” კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა, რადგან ერთსულოვნებამ არ განიხილა მისი საჩივარი და მიიჩნია, რომ ტელევიზიამ დაარღვია მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-14 მუხლის პირველი ნაწილი.
რაც შეეხება საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” მიერ მომზადებულ გადაცემას, ის შეეხება გაზეთ „ბათუმელების“ მიერ 2014 წლის 8-14 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას “წმინდა მატათა მოციქულის გიმნაზია-პანსიონში” მოსწავლესა და მასწავლებელს შორის მომხდარ უთანხმოების შესახებ.
საჩივარის თანახმად, საგაზეთო სტატია სათაურით – „რატომ გაიქცა 15 წლის გოგონა მატათა მოციქულის გიმნაზია-პანსიონიდან“ მოგვითხრობს არასრულწლოვანის გიმნაზია-პანსიონიდან გაქცევის მიზეზებზე. ასევე, წარმოჩენილია თავად გიმნაზია-პანსიონის და არასრულწლოვანის დედის პოზიციები.
„გაზეთ ბათუმელებს“ მიაჩნია, რომ ერთსულოვნების მიერ მომზადებული ვრცელი გადაცემა – „სიმართლე წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონზე“, რომელიც ამ ტელევიზიის ეთერით თითქმის ერთი კვირის განმავლობაში გადაიცემოდა, არის ცალმხრივად მომზადებული და არაზუსტი.
“გაზეთი ბათუმელები” ტელეკომპანია “ერთსულოვნებისგან“ ითხოვს, დაადასტურონ მაუწყებლის მიერ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-12 მუხლისა და მე-13 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების დარღვევის ფაქტი;
დაადასტურონ მაუწყებლის მიერ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-19 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების დარღვევის ფაქტი;