ახალი ამბები

გაურიგდა თუ არა ივანიშვილი მოსამართლეებს “კაბელების საქმის” სანაცვლოდ?

9 ივნისი, 2015 •
გაურიგდა თუ არა ივანიშვილი მოსამართლეებს “კაბელების საქმის” სანაცვლოდ?

ირაკლი ალასანია ამბობს, რომ “კაბელების საქმეზე” ივანიშვილისთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღების სანაცვლოდ, სასამართლოების თავმჯდომარეები, რომლებიც, იუსტიციის სამინისტროსა და უზენაესი სასამართლოს მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ვადაზე ადრე უნდა გათავისუფლებულიყვნენ, თავიანთ თანამდებობებს შეინარჩუნებენ.

 

“რუსთავი 2″–ის ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით ივანიშვილთან შეხვედრაზე იყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძე და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე.

 

პარასკევს, 5 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით ჯუღელმა “კაბელების საქმის” წინასასამართლო სხდომაზე დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდების მტკიცებულების – სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზის გამოკვლევითი და დასკვნითი ნაწილების დაუშვებლად ცნობის შესახებ. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ პროკურატურის ბრალდება სწორედ ამ მტკიცებულებაზე იყო აგებული. 

 

“შევიდნენ სასამართლოსთან ურთიერთსასარგებლო გარიგებაში, რომ შეაცვლევინონ  სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია საქალაქო სასამართლოში. ეს არის ჩემი ეჭვი, რომელიც აბსოლუტურად საფუძვლიანია მას მერე, რაც დადასტურდა, რომ ის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მთავრობას გამოჰქონდა, უკვე შეცვლილია. 180-გრადუსიანი შემოტრიალება გააკეთა იუსტიციის სამინისტრომ და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. ეს არის სირცხვილი, ეს არის პირდაპირ ჩარევა მართლმსაჯულებაში,”– ამბობს ირაკლი ალასანია.

 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კი კანონპროექტში ამ ცვლილებების შეტანას ვენეციის კომისიის შენიშვნას უკავშირებს და აცხადებს, რომ “კაბელების საქმესთან” ვერანაირ კავშირს ვერ ხედავს.

 

“მე არ ვიცი, რა ტიპის სპეკულაციებზეა საუბარი და ვერანაირ კავშირს ვერ ვხედავ კაბელების საქმესთან. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და არავისი სხვისი, რომ ვენეციის კომისიის შენიშვნას დავეთანხმო და ეს არის ვენეციის კომისიის შენიშვნა. და დავასრულებინოთ, რაკი ქალბატონ ნინოსაც ეს მოთხოვნა ქონდა, დავასრულებინოთ თავმჯდომარეებს თავიანთი უფლებამოსილების ვადა და შემდეგ მოხდეს ახალი თავმჯდომარეების არჩევა,”– აცხადებს წულუკიანი. 

 

ალასანიას განცხადებებს სასამართლოზე ზეწოლად აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძეც:

 

“უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ განაცხადა, რომ მას ჰქონდა უშუალოდ ურთიერთობა ქალბატონ იუსტიციის მინისტრთან და, შესაბამისად, სასამართლოს მოსამართლეების აბსოლუტური ინტერესების გათვალისწინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ თავმჯდომარეები ამოწურავენ ვადას,”– ამბობს ლევან მურუსიძე.

 

4 ივნისს ნინო გვენეტაძე მოსამართლეებთან ერთად სწორედ ამ კანონპროექტს განიხილავდა. შეხვედრაზე მყოფმა სასამართლოების თავმჯდომარეებმა ამ ცვლილებების მიმართ თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ვალერი ცერცვაძემ განაცხადა, რომ ცვლილებების ძალაში შესვლის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანდა.

 

ნინო გვენეტაძე კი მაშინ აცხადებდა, რომ ეს დემოკრატიული მიდგომა იყო.

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი