პროკურატურის მიერ ოქროპირიძისთვის ბრალის დამძიმება გახდება თუ არა შემთხვევა, რომელიც გაართულებს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის მონიტორინგს ციხეებში?
ასეთი პრეცედენტი არ მახსენდება საქართველოს უახლეს ისტორიაში, როცა პატიმარი საქართველოს სახალხო დამცველისადმი გაკეთებული განცხადების ან მიწოდებული ინფორმაციის გამო, რომელსაც შემდეგ ჩვენების სახით შესაძლებელია არ დადასტურდეს გამოძიებაში, პასუხისგებაში მიეცათ ცრუ დასმენის მუხლით. ასეთი რამ არ მახსენდება, იმის მიუხედავად, რომ წლები ვმუშაობდი სახალხო დამცელის ოფისში.
ამ ტიპის გადაწყვეტილებას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გამყინავი ეფექტი ექნება, ის გააჩენს შიშს პატიმრებში, რომ თუკი ის საკუთარ განცხადებას, რომელსაც გააკეთებენ სახალხო დამცველის წინაშე, მოგვიანებით ვერ დაადასტურებენ პროკურატურასთან.
საუბარია, რომ თუ ვერ დამტკიცდება გამოძიების შედეგად მათ მიერ მიცემული ჩვენების მართებულობა, ისინი შესაძლებელიაა თავად აღმოჩნდნენ ბრალდებულის სკამზე და მიეცენ პასუხისმგებაში. ველოდები სახალხო დაცველის ოფისისაგან ძალიან მკაცრ შეფასებას იმიტომ, რომ ეს პირდაპირ ურტყამს სახალხო დამცველის პრევენციის ფუნქციას წამების და არაადამიანური მოპყრობის საქმეში.
ის მუხლი, რომელითაც ბრალი წარედგინა გიორგი ოქროპირიძეს, რამდენად არის შესაბამისობაში ამ შემთხვევასთან?
ცრუ დასმენა, როგორც მუხლი, მოიცავს ისეთ შემთხვევას, როდესაც პირი საკუთარ განცხადებას, საჩივარს წარუდგენს საგამოძიებო უფლებამოსილების ორგანოს და მასთან ამხელს დანაშაულის ჩამდენ პირს. საჩივრის ავტორს უნდა ჰქონდეს მიზნად სხვა მხილებული პირის პასუხისგებაში მიცემა. აქ აუცილებლია, რომ საჩივრის ადრესატი იყოს საგამოძიებო ორგანო.
ოქროპირიძის შემთხვევაში მან ახსნა-განმარტება მისცა სახალხო დამცველის რწმუნებულს, ხოლო სახალხო დამცველი საგამოძოებო ფუნქციის მატარებელ ორგანოს არ წარმოადგენს.
ამ მუხლის კვალიფიკაციაც კი არის აბსოლუტურად არასწორი, თეორიულადაც რომ ვიმსჯელოთ, თუკი ეს ნამდვილად ასე იყო, შესაძლებელია ყოფილიყო ცრუ ჩვენების მიცემა, მაგრამ პროკურატურამ არ წაუყენა ამ მუხლით ბრალდება, წაუყენა ცრუ დასმენით, ამას ალბათ ექნება საკუთარი ახსნა.
ეს ახსნა შეიძლება ვეძებოთ სასჯელებზე დაკვირვებით. თუ ცრუ დასმენის მეორე ნაწილისათვის სასჯელი არის 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, რაც წარმოადგენს მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ანალოგიური მეორე ნაწილი დასმენისათვის ითვალისწინებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც არის ნაკლებად მძიმე დანაშაული.
მარტივად რომ ვთქვათ, აღკვეთის ღონისძიებისთვის პროკურატურას შეიძლება სჭირდებოდეს უფრო მძიმე დანაშაულის კვალიფიკაცია.
ყველაზე საგანგაშო ამ შემთხვევაში ის არის, თუ რისთვის ხდება ბრალის წაყენება, ეს ყველაზე ცუდი ამბავია. დავიწყოთ იმით, რომ ნაცვლად იმისა, რომ კრიტიკა დღეს საზოგადოების ან ხელისუფლების მხრიდან მიდიოდეს პროკურატურის მისამართით, რომელმაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე ვერ მოახერხა საკუთარი ბრალდების დამტკიცება, გამოდის, რომ ისინი იყვნენ მოუმზადებლები და დაცვის მხარემ დაჩაგრა პროცესზე. ამის ნაცვლად მთელი ყურადღება გადადის იმაზე, რომ თითქოს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი არის ცუდი და მან ვერ გაამართლა საქართველოში.
გამოძიებაზე მინდა გკითხოთ, რამდენად შესაძლებელია ეს გამოძიება იყოს სანდო?
ვერ გეტყვით, ეს იქნება ძალიან ჰიპოთეტური მსჯელობა. ჩვენ არ ვიცნობთ საქმის მასალებს, რა მტკიცებულებებია მასში, რა საგამოძიებო მოქმედები ჩატარადა, ისევე როგორც მე არ ვიცნობ მახარაძის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. თუმცა პირველ საქმესთან მიმართებაში უკვე არსებობს საზოგადოებაში გარკვეული ინფორმაცია, რომ დაცვის მხარემ მოახერხა ის, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა ვერ გამოიტანეს გამამტყუნებელი ვერდიქტი.
ეს არ გაუკეთებია უკანონო გზებით. ეს მოახერხეს სასამართლოზე წარმოდგენილი პოზიციით. სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს სასამართლოს გადაწყვეტულებას, ხოლო ახალი ბრალის წაყენებას ჰქვია მეორენაირად მართლმსაჯულების ბოროტად გამოყენება.
როდესაც აღმასრულებელი ხელისუფალი ფიქრობს, რომ პირი, რომელიც გაამართლა სასამართლომ, ან გამართლდება და გათავისუფლდება მალე, მისი გაგებით არის დამნაშავე, ყველანაირ ზომას ხმარობს, რომ დატოვოს პატიმრობაში.