ახალი ამბები

არავინ არაფერს არ ელოდებოდა – სახელმწიფო ინსპექტორი გამომძიებელ ჩოლოიანის დაკავებაზე

18 დეკემბერი, 2019 • 1412
არავინ არაფერს არ ელოდებოდა – სახელმწიფო ინსპექტორი გამომძიებელ ჩოლოიანის დაკავებაზე

სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, ერთადერთი, რასაც ისინი 15 წლის ლუკა სირაძის საქმესთან დაკავშირებით ელოდებოდნენ, იყო მტკიცებულებები, რომელიც მათ მისცემდა საშუალებას, რომელიმე პირის მიმართ მიეღოთ კონკრეტული გადაწყვეტილება. ამის შესახებ ლონდა თოლორაიამ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფო კილაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა:

“მტკიცებულებათა სტანდარტი როგორც კი შეიკრა, ეს იყო გუშინ [17 დეკემბერი]. დღის სამ საათზე გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი უკვე ჩვენთან იმყოფებოდა… ოფიციალური დაკავება, კი ბატონო, განხორციელდა მას შემდეგ, როდესაც ბავშვი გარდაიცვალა. თუმცა სწორედ იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ეს ადამიანი საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად 3 საათიდან იმყოფებოდა ჩვენს საგამოძიებო ორგანოში”, – ამბობს თოლორაია.

მისი განმარტებით, არ აპირებს “ფაქტის შელამაზებას” იმ პირების მიმართ, ვისი პასუხისმგებლობაც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოიკვეთება.

თოლორაიამ ასევე აღნიშნა, რომ პრობლემები “მწვანე სკოლაშიც” იკვეთება:

“პრობლემები იკვეთება როგორც სკოლაში არსებულ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ბავშვისთვის არ იყო მისაღები და ბავშვების გარემოსთვის არ არის სასურველი. ასეთი გარემოებები იკვეთება სკოლაშიც და, რა თქმა უნდა, ასეთ ფაქტებს ჰქონდა ადგილი პოლიციაშიც”, – აღნიშნა თოლორაიამ.

15 წლის ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მან რამენიმე დღის წინ თბილისში სუიციდი სცადა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სახელმწიფო ინსპექტორმა კი სწორედ მოზარდის გარდაცვალების შემდეგ განაცხადა, რომ გამომიძებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.

ლუკას ძმა “ნეტგაზეთთან” ამბობდა, რომ არასწრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა. ლუკა ამ სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.

“მწვანე სკოლამ” პოლიციას მიმართა მას შემდეგ, რაც შენობაში უცნობი შევიდა და კედლებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები დატოვა. როგორც კერძო სკოლამ განაცხადა, მათ ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით მიმართეს პოლიციას.

ლუკა სირაძე პოლიციამ გამოკითხვაზე სწორედ ამის შემდეგ დაიბარა. მის ოჯახს სამართლებრივ დახმარებას უწევს საია, რომელიც აცხადებს, რომ პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძე პოლიციელების პირისპირ მშობლის გარეშე მარტო ორჯერ დარჩა, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, უკანონოა.

ლუკა სირაძის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. შსს-ს ინფორმაციით, უფლებამოსილება უკვე შეუწყდა 2 პოლიციელს. დაკავებულია 1 გამომძიებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი